დავით ზალკალიანი - აზერბაიჯანი რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ, დავით გარეჯზე სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს ვერ დააზიანებს
დავით ზალკალიანი - აზერბაიჯანი რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ, დავით გარეჯზე სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს ვერ დააზიანებს

აზერბაიჯანი რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ. ჩვენ არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანის სახელმწიფოს და მით უმეტეს, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ არ გაგვაჩნია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიება და სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი ვერ დააზიანებს საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებს.

„აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრულ ქვეყნად. ვერც გამოძიების დაწყება და ვერც ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით აზერბაიჯანთან მოლაპარაკების გაგრძელება და სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი, ვერ დააზიანებს ჩვენს ორმხრივ, ისტორიულად ძალიან მყარ მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და მით უმეტეს, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ არ გაგვაჩნია და არც შეიძლება, გაგვაჩნდეს. მინდა, ეს ძალიან მკაფიოდ გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ, რადგან ნებისმიერი პასუხისმგებლიანი, პატრიოტი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩემი აზრებაიჯანელი კოლეგა საქართველოში იმყოფებოდა, ძალიან შინაარსიანი და დეტალური საუბარი გვქონდა სწორედ ამ დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით. საჯაროდაც განვაცხადეთ, რომ აუცილებელია, მოიძებნოს ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმება. ჩვენ ამ მიმართულებით წავალთ. დარწმუნებული ვარ, კომისიის ფარგლებში ძალიან საქმიანი და საგნობრივი განხილვა იქნება.

რა თქმა უნდა, მოლაპარაკების დროს აზერბაიჯანელ კოლეგებს გავუზიარეთ ახალად აღმოჩენილი გარემოებები, ახალი კარტოგრაფიული მასალები, რუკები, საექსპერტო მასალები და შესაბამისი განმარტებებიც მივეცით მათ, რომ ჩვენი პოზიციები გადაიხედება და არ უნდა იყოს აღქმული, რომ მათ მიმართ რაიმე პრეტენზია გვაქვს. მათი მხრიდან ამას აბსოლუტურად ნორმალური და სრული გაგება ჰქონდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, ამ საკითხზე ოპონენტების მხრიდან სპეკულაციები ისმის. ზალკალიანის თქმით, გაუმართლებელია ამ საქმის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან ბმა.

„ყოველგვარი სპეკულაციები, რომ თითქოს, ეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს დააზიანებს ან ბმა ჩვენს სამეზობლოში დღეს მიმდინარე კონფრონტაციასთან აბსოლუტურად გაუმართლებელია. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი შეხვედრა იყო იმ დღეებში, როდესაც კონფლიქტი დაწყებულიც კი არ იყო. ამიტომ ის, რასაც ოპონენტების მხრიდან ვისმენთ, არის პოლიტიკური მანიპულაციები და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება.

ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, ჩვენი ინტერესების ბოლომდე დაცვით და დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანულ კოლეგებთან მივაღწევთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.