დავით ზალკალიანი - აუცილებელია, ჩვენმა ელჩებმა აქტიურად იმუშაონ, რათა საქართველოში არსებული სიტუაცია გააცნონ ადგილობრივ საზოგადოებას
დავით ზალკალიანი - აუცილებელია, ჩვენმა ელჩებმა აქტიურად იმუშაონ, რათა საქართველოში არსებული სიტუაცია გააცნონ ადგილობრივ საზოგადოებას

ჩვენ უკვე აქტიურად ვართ კომუნიკაციაში ყველა ჩვენს პარტნიორთან ტურიზმის მიმართულებით გახსნასთან დაკავშირებით, ამიტომ, აუცილებელია, რომ ჩვენმა ელჩებმა ძალიან აქტიურად იმუშაონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში, რათა საქართველოში არსებული სიტუაცია რაც შეიძლება აქტიურად გააცნონ ადგილობრივ საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრის ელჩებთან ვიდეოჩართვის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას და ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რომ გახსნის თვალსაზრისით, საქართველო იყოს პირველი ეტაპის ქვეყნებს შორის.

„ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც უაღრესად წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას და ჩვენთვის ეს არის ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯი, რათა, მაშინ, როდესაც ქვეყნები ეტაპობრივად იწყებენ საზღვრების გახსნას, საქართველო იყოს პირველი ეტაპის ქვეყნებს შორის. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. რამდენიმე ქვეყანამ საქართველო უკვე გამოაცხადა როგორც პრიორიტეტული მიმართულება და ვფიქრობ, რომ ეს მუშაობა კიდევ უფრო გასამყარებელია, ამიტომ, ყველა ელჩი მიიღებს დამატებით ინსტრუქციებს იმ პროტოკოლებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რა კრიტერიუმებიც იქნება მნიშვნელოვანი საქართველოში შემოსულ უცხოელ ტურისტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით აქტიური კომუნიკაცია აუცილებელია და მნიშვნელოვანია, ელჩებს მთავრობის მეთაურისგან, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებისგან, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით.

„აუცილებელია ამასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია და ასევე, აუცილებელია, რომ საქართველო იყოს წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ეს ამოცანა ყველასთვის ნათელია. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, პრემიერ-მინისტრისგან, ეკონომიკის მინისტრისგან, საგარეო საქმეთა მინისტრისგან და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენს ელჩებს მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი