დავით ზალკალიანი - აუცილებელია, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვლილი 10 წლის მოვლენებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და განვსაზღვროთ, რა უნდა გაკეთდეს 2020 წლის შემდეგ
დავით ზალკალიანი - აუცილებელია, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვლილი 10 წლის მოვლენებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და განვსაზღვროთ, რა უნდა გაკეთდეს 2020 წლის შემდეგ

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩანიშნულ მინისტერიალზე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მაღალი დონის კონფერენციაზე კი საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მინისტერიალი და კონფერენცია არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რათა საქართველომ ევროპელი პარტნიორების თანდასწრებით 10 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე ისაუბროს და განვლილი პერიოდი შეაჯამოს.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ყველას მხრიდან აღიარებული ლიდერი და წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ბუნებრივია, ამ საიუბილეო ღონისძიებას გამოვიყენებთ ასევე მომავალზე მსჯელობისთვის. აუცილებელია, 10 წლის პერიოდში განვლილი მოვლენებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ ყველამ ერთად, როგორც პარტნიორმა, ისე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და სწორი დასკვნების საფუძველზე განვსაზღვროთ, რა უნდა გაკეთდეს 2020 წლის შემდეგ“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც საქართველოს პირველ არხს დავით ზალკალიანმა ბრიუსელში განუცხადა, საქართველო კვლავინდებურად გააგრძელებს ევროპულ ოჯახთან დაახლოების მცდელობას, მიუხედავად ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევებისა.

„უფრო მეტი ინტენსივობით უნდა გავაგრძელოთ ყველა რეფორმა, რათა ქვეყანა მომზადდეს საბოლოო მიზნისთვის, რაც გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას. აქედან გამომდინარე, ის საგზაო რუკა, რომელიც იყო წარდგენილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე, გულისხმობს უფრო მეტ თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორის მიმართულებით, მეტ ჩართულობას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში, ასევე ნაყოფიერი საქმიანობის გაგრძელებას იმ ფორმატებში, რომელიც შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის. ვფიქრობ, მინისტერიალზეც და კონფერენციაზეც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდება აქცენტი“, – აღნიშნა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის შეფასებით, მინისტერიალის ფარგლებში საუბარი შეეხება უვიზო მიმოსვლასაც, თუმცა საქართველოს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი ქვეყნისთვის შემზღუდავი მექანიზმების ამოქმედებას არ ელოდება.

„რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფორმატში, იქნება განხილვის საგანი. საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ ამას სჭირდება გაფრთხილება, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა, რათა ეს მონაპოვარი იყოს შენარჩუნებული და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს როგორც ორმხრივ ფორმატში ევროპელ პარტნიორებთან, ასევე ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისიის წარმომადგენლებთან. ბოლო ვიზიტი, რომელიც საქართველოში განხორციელდა, ორიენტირებული იყო სწორედ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე და ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ერთობლივად განისაზღვრა, ისევე, როგორც ჩვენს ფრანგ პარტნიორებთან, იქნება სწორედ ის ნაბიჯები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ მოვლენების ჩვენთვის არასასურველი განვითარება“, – განაცხადა დავით ზალკალიანი.

რაც შეეხება ევროკავშირის თავმჯდომარის, რუმინეთის სურვილს, რომ მინისტერიალი გარკვეული განცხადებით დასრულდეს, დავით ზალკალიანის შეფასებით, დოკუმენტი არ იქნება სამიტის მსგავსი დეკლარაცია, არამედ საიუბილეო ტექსტი.

„სავარაუდოდ ეს იქნება საიუბილეო განცხადება და რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ მოხდება შეფასება განვლილი 10 წლის, იმ პროგრესის, რომელსაც მიაღწია „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“, როგორც პოლიტიკურმა პროექტმა და ვფიქრობ, აუცილებელია, ეს იყოს მომავალზე ორიენტირებული და განისაზღვროს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი 10 წლის პრიორიტეტები“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალი დღეს გაიხსნება. მინისტერიალში მონაწილეობას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი მიიღებს. დღის მეორე ნახევარში კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო ვახშამზე დელეგაციების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს, რომელსაც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს 14 მაისს დაგეგმილ მაღალი დონის კონფერენციაშიც, ასევე გამართავს სხვადასხვა შეხვედრას.