დავით ზალკალიანი ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის ფარგლებში დღეს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს
დავით ზალკალიანი ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის ფარგლებში დღეს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში იმყოფება.

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ეს არის ამ ფორმით მათი პირველი ვიზიტი ბრიუსელში და კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ევროპელ პარტნიორებს გააცნონ მათი ხედვა ასოცირების ტრიოს ფორმატთან დაკავშირებით.

„ბრიუსელში ვიზიტი იმართება ასოცირებული ტრიოს ფორმატის ფარგლებში. მოგეხსენებათ, რომ ბრიუსელში ვიმყოფები ჩემს უკრაინელ და მოლდოველ კოლეგასთნ ერთად. ეს არის ჩვენი პირველი, ამ ფორმით ვიზიტი ბრიუსელში და კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გავაცნოთ ჩვენი ხედვა ასოცირების ტრიოს ფორმატთან დაკავშირებით, ასევე ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თუ როგორ ვუყურებთ ერთობლივ ქმედებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, სექტორული თანამშრომლობის თვალსაზრისით. ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში.

მოგეხსენებათ, რომ წელს იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ იმ ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რომლიც მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების რეგიონში, ევროკავშირმა ახლებურად გაიაზროს ამ გაერთიანების მნიშვნელობა და იმ ქვეყნებთან, კერძოდ, იმ ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში, აშკარაა რომ განსხვავებული მიდგომაა შესამუშავებელი, რადგანაც ჩვენ უფრო მეტად ვამჟღვანებთ სურვილს და ასევე შედეგებიც უფრო თვალშისაცემი და ხელშესახები გვაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ამიტომ საჭიროა, რომ ევროკავშირის მხრიდანაც შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეხვედრები სწორედ ამ კონტექსტში გაიმართება“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ მათი ხედვები და პოზიციები წარმოაჩინონ კარგად ბრიუსელში იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯები უფრო ეფექტიანი და ხელშესახები შედეგების მომცემი იყოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე გვექნება საუბარი, ჩვენს ამბიციურ გეგმაზე, 2024 წელს განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. საქართველოს აქვს ძალიან თანმიმდევრული, მკაფიო სამოქმედო გეგმა და იცით, რომ ჩვენ ეს უკვე წარვადგინეთ სამთავრობო კომისიის სხდომაზე. სამთავრობო კომისიამ მოიწონა ჩვენი სამთავრობო გეგმა და ბუნებრივია, 2024 წლის განაცხადის გაკეთებამდე, ჩვენს გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას გავუზიარებ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მოლდოვას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი აურელიუ ჩოკოი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება შეხვედრებს გამართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეპ ბორელთან, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან ვალდის დომბროვსკისთან და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან.

გაიმართება მინისტრების ერთობლივი შეხვედრები ევროპარლამენტში, მათ შორის  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარესთან, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან და ევროპარლამენტის მომხსენებლებთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საკითხებზე.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში.