დავით ზალკალიანი - ასოცირების საბჭოს სხდომა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, შევაჯეროთ ჩვენი პოლიტიკა ევროკავშირთან, აღვნიშნოთ ქვეყნის პროგრესი და განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივები
დავით ზალკალიანი - ასოცირების საბჭოს სხდომა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, შევაჯეროთ ჩვენი პოლიტიკა ევროკავშირთან, აღვნიშნოთ ქვეყნის პროგრესი და განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, 16 მარტს, ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 16 მარტს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. ეს გახლავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უმაღლესი თანამშრომლობის ფორმატი, სადაც საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება.

მოგეხსენებათ, რომ საბჭო განიხილავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ასევე ევროკავშირთან ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. ასოცირების შეთანხმების ყველა არსებული საკითხი იქნება სრულად დაფარული“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანის თქმით, საუბარი ასევე შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს, რეგიონში გეოპოლიტიკურ პროცესებს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასა და სხვა საკითხებს.

„რა თქმა უნდა, შევეხებით უსაფრთხოების სიტუაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს, რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ პროცესებს, პანდემიასთან ბრძოლას, ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხებს და, რა თქმა უნდა, განხილული იქნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ ჩვენი პოლიტიკა ევროკავშირთან, აღვნიშნოთ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკის, პოლიტიკის და დემოკრატიზაციის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ასევე განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივები და ის, თუ რა უნდა გაკეთდეს კიდევ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.