დავით ზალკალიანი - აშშ-ში ვიზიტი იქნება კარგი საშუალება, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ყველაფერზე გულწრფელად ვისაუბროთ
დავით ზალკალიანი - აშშ-ში ვიზიტი იქნება კარგი საშუალება, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ყველაფერზე გულწრფელად ვისაუბროთ

ეს იქნება კარგი საშუალება, სტრატეგიულ პარტნიორთან ყველაფერზე ვისაუბროთ გულწრფელად. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები და ხელისუფლების ქმედებები აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო განამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს აშშ-ში მისი ვიზიტისა და ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბრისას განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოწვევით იმყოფება და მონაწილეობს რელიგიის თავისუფლების კოალიციის მაღალი დონის შეხვედრაში, რაც საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორი ქვეყნის განსაკუთრებულ პარტნიორობას.

„აქ ვიმყოფები სახელმწიფო მდივნის მოწვევით. ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება რელიგიის თავისუფლების საკითხებზე კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრების იმ შეზღუდულ რაოდენობაში,  რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მოიწვია, საქართველოც მონაწილეობს. ბუნებრივია, ეს არის აღიარება იმისა, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ყველაფერი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და იმ პრინციპებს, რომელიც მთავარია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტი გამოყენებული იყო პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის გაიმართება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის კონგრესში.

„ეს ორდღიანი ვიზიტი ვფიქრობ, იქნება კარგი საშუალება, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორს, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, მივაწოდო ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, როგორც საგარეო პოლიტიკური კუთხით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, სენატორები და კონგრესმენები საქართველოს განიხილავენ როგორც ლიდერ ქვეყანას, რომელსაც რეგიონში დაწესებული აქვს ძალიან მაღალი სტანდარტები დემოკრატიის. სწორედ ამ მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, არის მათი მომართვა ჩვენთან დაკავშირებით დემოკრატიულ განვითარებაზე. ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც მეგობრის, სტრატეგიული პარტნიორის რჩევას და ამაზე გვექნება საუბარი. რა თქმა უნდა, ინფორმაციების ობიექტურობასა თუ სუბიექტურობაზეც ვიმსჯელებთ. მათთან მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი და მაქსიმალურად მივაწვდი ინფორმაციას რეალური სურათის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ამ კომუნიკაციით და იმ ქმედებებით, რასაც ხელისუფლება აქამდე ახორციელებდა, ახლაც ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან თვისობრივად ახალ დონეზე გადავა და გაძლიერდება, არათუ რაიმე ჩრდილი მიადგება მას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.