დავით ზალკალიანი - ასეთი მოცულობის და ასეთი შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს არ ჰქონია დამოუკიდებლობის ისტორიის მთელი 25 წლის განმავლობაში
დავით ზალკალიანი - ასეთი მოცულობის და ასეთი შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს არ ჰქონია დამოუკიდებლობის ისტორიის მთელი 25 წლის განმავლობაში

ასეთი მოცულობის და ასეთი შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს არ ჰქონია დამოუკიდებლობის ისტორიის მთელი 25 წლის განმავლობაში, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი წარდგენასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა ტედ პომ და ჯერი კონოლიმ წარადგინეს.

„აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფი კონგრესმენების მხრიდან, არის ინიცირებული უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივა. ეს გახლავთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს აშშ-სთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის. ეს არის მართლაც ისტორიული აქტი, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი მოცულობის და ასეთი შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს არ ჰქონია დამოუკიდებლობის ისტორიის მთელი 25 წლის განმავლობაში. ეს აქტი მოიცავს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, დავით ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის კონგრესმენების მიერ ინიცირებული წერილის შესახებაც, რომლითაც მათ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით მიმართეს.

„აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის სახელზე გაგზავნილი წერილი, რომელსაც ხელს აწერს 30 კონგრესმენი მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, აქტიურად განიხილოს ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოჩენილია, როგორც აშშ-ის მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანის გარდა, მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს. წერილი კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ საქართველოს აქვს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.