დავით ზალკალიანი - აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის წარმატებული განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის ამერიკული კომპანიების დაინტერესებას საქართველოს მიმართ
დავით ზალკალიანი - აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის წარმატებული განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის ამერიკული კომპანიების დაინტერესებას საქართველოს მიმართ

5G-ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმზე ხელმოწერა არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ სტრატეგიული პარტნიორობის, რომელიც გვაკავშირებს აშშ-სთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის 5G-ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის წარმატებული განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის ამერიკული კომპანიების დაინტერესებას საქართველოს მიმართ.

„ყველას კარგად მოეხსენება, რომ პოლიტიკურ დონეზე ჩვენ თანამშრომლობის უმაღლეს ნიშნულზე ვართ, ისევე, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენი ამბიციაა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დონე გაუთანაბრდეს სწორედ პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებს.

5G-მემორანდუმის ხელმოწერა და მისი წარმატებული განხორციელება სწორედ ამ მიზანს მოემსახურება და მნიშვნელოვნად გაზრდის ამერიკული კომპანიების დაინტერესებას საქართველოს მიმართ. ამავდროულად, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუნდაც იმ ახალი გამოწვევების ფონზე, რომელიც მოიტანა გლობალურმა პანდემიამ.

აღნიშნული მემორანდუმის გაფართოებით საქართველო შეუერთდა ჩვენი ნატოელი და ევროკავშირის პარტნიორთა საერთო ინიციატივას ე.წ. სუფთა ქსელების თაობაზე, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მომავალი თაობის ინტერნეტის სანდო ეკოსისტემის, ციფრული სერვისებისა და მთლიანად ციფრული ეკონომიკის განვითარებას საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა.