დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა
დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, უეს მიჩელთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას და საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მთავარი მოკავშირისა და პარტნიორის როლს. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის, აშშ-ასიგნებების აქტის შესაბამისად.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების თაობაზე. აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ.  მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ინტენსიური კომუნიკაცია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უეს მიჩელს საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე საკითხებზე აქტიური ჩართულობისა და გულშემატკივრობისთვის. დღესვე დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კევინ მოლისთან.