დავით ზალკალიანი - აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენება არის დასტური, რომ საქართველო პარტნიორების დღის წესრიგში მოწინავე პოზიციებზეა
დავით ზალკალიანი - აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენება არის დასტური, რომ საქართველო პარტნიორების დღის წესრიგში მოწინავე პოზიციებზეა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენება არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო ჩვენი მთავარი სტრატეგიული და არა მარტო სტრატეგიული, პარტნიორების დღის წესრიგში მოწინავე პოზიციებზეა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენების კომენტირებისას განაცხადა, სადაც რუსეთის მიერ სუვერენიტეტის ხელყოფასა და რუსეთ-საქართველოს ომზეა საუბარი.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უამრავი სხვადასხვა რეზოლუცია და ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს. ასევე, ამერიკის წარმომადგენლობით პალატაში მიღებულია საქართველოს მხარდამჭერი აქტი. მათ მიერვე მხარდაჭერილია კონსოლიდირებულ ბიუჯეტში ამკრძალავი ზომები იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

სენატის გუშინდელ მოსმენაზე თავდაცვის მდივნის და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების მხრიდან საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მუდმივად არის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში. აშშ-ი მუდმივად უსვამს ხაზს იმ უკანონო ქმედების მიუღებლობას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქ საუბარია 2008 წელს განხორციელებულ ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია ოკუპირებული ტერიტორიის ფაქტობრივი ანექსიისკენ. იმედი გვაქვს, ამ ქმედებებით საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მოხდება და საქართველოს საკითხის დღის წესრიგის აქტუალიზაცია მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 2020 ფისკალური წლისათვის მოთხოვნილი ბიუჯეტის განხილვისას აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, პატრიკ შენაჰანისა და გაერთიანებული შტაბის მეთაურის, გენერალ დანფორდის წერილობით ანგარიშში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას რუსეთის მხრიდან 2008 წელს საქართველოში შეჭრასა და ტერიტორიების ოკუპაციაზეა საუბარი.