დავით ზალკალიანი - აშშ-ის მხრიდან უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს რეფორმებს
დავით ზალკალიანი - აშშ-ის მხრიდან უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს რეფორმებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტს მაღალ შეფასებას აძლევს. მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონში გამართული შეხვედრები და ზოგადად, მაღალი დონის ორმხრივი კომუნიკაციის სიხშირე ადასტურებს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„თავად ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ძალიან მაღალი დონის ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს, არის დასტური, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრი მიესალმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც ყოვლისმომცველად ასახავს ორმხრივი თანამშრომლობის მაღალ და ყოვლისმომცველ დონეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ, სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე.  სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებული დოკუმენტი ასახავს და მიმოიხილავს ყველა ძირითად მიმართულებას – თავდაცვას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ხალხთა შორის ურთიერთობებს, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თვისობრივად ახალ დონეზე გადადის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შორის ბოლო რვა თვის განმავლობაში მესამე შეხვედრა გაიმართა, ხოლო მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრა ყოვლისმომცველი იყო.

„უნდა აღინიშნოს, რომ ელჩ ბოლტონთან გვქონდა ასევე ძალიან საინტერესო საუბარი. თავად ბოლტონი გახლავთ უაღრესად საინტერესო მოსაუბრე. მას აქვს განსაკუთრებული ხედვა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით და თემატიკა, რომელიც განვიხილეთ, მოიცავდა ყველა მიმართულებას. რა თქმა უნდა, იმ ძირითად გამოწვევებს, რომელიც გვაქვს უსაფრთხოების კუთხით. ასევე, ამერიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. ასევე, ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. განვიხილეთ ჩვენს გარშემო სამეზობლოში შექმნილი სიტუაცია. ბუნებრივია, უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. ვფიქრობ, ეს შეხვედრები მოგვცემს შესაძლებლობას, მომავალში კიდევ უფრო კონკრეტული მიმართულებით ვითანამშრომლოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები დავდოთ როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ასე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების თვალსაზრისით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ეს მკაფიოდ იქნა გაცხადებული სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე, ისევე, როგორც შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„შეხვედრაზე მხოლოდ პოზიტიური კუთხით იყო სახელმწიფო მდივნის მხრიდან გაცხადებული და აღიარებული ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. თუ თქვენ მიაქცევთ ყურადღებას, რა განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, მან თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას. ანუ, იყო პოზიტიურ კონტექსტში დანახული, რომ ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, არის შეფასებული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან როგორც დადებითი და შემდგომ ამ დადებითი კურსის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა მან ხაზი. ასევე, შეხვედრაზე საუბარი იყო იმ პოზიტიურ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში. ძალიან პოზიტიურად შეფასდა ის გადაწყვეტილებები, რომელიც გუშინ იყო მიღებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან. იცით, რომ მიღწეულია კონსენსუსი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან მიმართებაში. პოზიტიურად შეფასდა პირველი, მეორე და მესამე ტალღა და გამოითქვა იმედი, რომ ის გადაწყვეტილებები, კონსენსუსი და ჩართულობა, რომელიც ასევე აღინიშნებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ასევე ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას და ყველა რჩევას, არის გარანტი, რომ მომავალში ამ თვალსაზრისით ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწიფე კიდევ უფრო გაიზრდება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თანათავმჯდომარეობდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომას, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე წლის 11 ივნისს გაიმართა.