დავით ზალკალიანი აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
დავით ზალკალიანი აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას და კმაყოფილებით აღინიშნა თანამშრომლობის ის უპრეცედენტოდ მაღალი დონე, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა.

„დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ელიოტ ენგელს საქართველოს მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის, მათ შორის აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებისთვის, რაც მხარეთა შეფასებით საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ-ის კონგრესის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მკაფიო მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ მისი მკაფიო დამგმობი პოზიციისთვის და საკანონმდებლო ინიციატივების დონეზე გამოხატული მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობას.

„მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და აშშ-ის, მათ შორის კონგრესის მტკიცე მხარდაჭერას ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ.

აღინიშნა საქართველოს წარმატება დემოკრატიული, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობას.