დავით ზალკალიანი - აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში ზუსტი აქცენტებია გაკეთებული
დავით ზალკალიანი - აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში ზუსტი აქცენტებია გაკეთებული

დავით ზალკალიანი – აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში ზუსტი აქცენტებია გაკეთებული

პირველი დღიდანვე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და აქტორთან, რომელიც ჩართული არის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, რათა რუსეთის უკანონო ქმედებას მიეცეს შესაბამისი შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და კონცენტრაცია მოხდეს ამ საკითხზე.

„ბუნებრივია, აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში გაკეთებული ზუსტი აქცენტები, აუცილებლად არის გასათვალისწინებელი და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ფორმატებში, რომელიც განიხილავს კონფლიქტის მოწესრიგების საკითხს, კერძოდ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც აშშ-იც არის ჩართული, მთელი სიმწვავით იქნება ეს საკითხი კიდევ ერთხელ დასმული, გამომდინარე იმ განცხადებიდან, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, უახლოეს დღეებში საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი, რუდოსლავ მიხალკა ეწვევა, რომელიც ამავე დროს ჟენევის თანათავმჯდომარეცაა. მინისტრმა დაადასტურა, რომ გუგუტიაანთკარში ჩასვლას გეგმავს ჟენევის მოლაპარაკებების კიდევ ერთი თანათავმჯდომარე ევროკავშირიდან, ტოივო კლაარი.

„გუშინ მქონდა სატელეფონო საუბარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან და ეუთო-ს თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან. მათთან განვიხილე სწორედ დეტალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია, ვაცნობე ბოლო განვითარება და მოვითხოვე, რომ დაუყოვნებლივ იყვნენ მოვლენილი საქართველოში მათი წარმომადგენლები, რომლებიც არიან ჟენევის თანათავმჯდომარეებიც. მე მათი მხრიდან მივიღე პირობა, რომ უახლოეს დღეებში და სავარაუდოდ ეს მოხდება მომდევნო კვირას, ისინი უკვე საქართველოში ჩამოვლენ, ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას, რადგანაც მათი ჩართულობა და ადგილზე ყოფნა ასეთ სიტუაციაში არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია გუგუტიანთკარში „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დეფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების დამონტაჟების განახლების გამო“.