დავით ზალკალიანი - აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, რაც არაერთხელ გამოიხატა განცხადებებით, მხარდაჭერილი დეკლარაციებით, თუ ვიზიტებით
დავით ზალკალიანი - აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, რაც არაერთხელ გამოიხატა განცხადებებით, მხარდაჭერილი დეკლარაციებით, თუ ვიზიტებით

მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები ვაშინგტონში იქნება კარგი შესაძლებლობა, რათა კონგრესმენებს მიეცეთ ზუსტი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წერილის გაგზავნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

კონგრესმენ ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილით მივმართეთ მე, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკაულმა. ამ წერილში გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკური ნიშნით მიზანში ამოღებისა და დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დავით ზალკალიანის თქმით, უშუალოდ წერილი ნანახი არ აქვს.

„მხოლოდ ვიცი, რომ არის სოციალურ ქსელში კონგრესმენის ტვიტი. თუკი იქ ეკონომიკურ ვარდნაზეა საუბარი, ალბათ ეს ზუსტი ინფორმაცია არ არის, რადგანაც კარგად ვიცით, რომ თუნდაც ბოლო თვეების, წინა წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საქართველოში ექვს პროცენტამდე იყო, ამიტომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ინფორმაცია იყოს ზუსტი. ვფიქრობ, წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია, პირადი კონტაქტები. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები, რომლებიც დაიგეგმება და იგეგმება უკვე ვაშინგტონში, იქნება კარგი შესაძლებლობა, რათა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის კონგრესმენებს, მიეცეთ მკაფიო, ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ძალიან მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ინფორმაცია აქვთ მათ სხვა წყაროდან, მაგრამ ვფიქრობ აუცილებელია პირადი კომუნიკაცია და პირადი კონტაქტები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ნებისმიერი სახის გამოხმაურება.

„ძალიან ყურადღებით ვეკიდებით მათ რეკომენდაციებს, მათ რჩევებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა კითხვაზე, რომელიც მათ აქვთ, შეიძლება, ეს იყოს სუბიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, მაგრამ აუცილებელია, ყველა კითხვაზე იყოს გაცემული პასუხი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, დასავლელ პარტნიორებთან არსებობს ძალიან მჭიდრო, ახლო ურთიერთობა.

„აუცილებელია, განვასხვაოთ, რა გამოხმაურებები მოდის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. აღმასრულებელი ხელისუფლების, იგივე აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, რაც არაერთხელ იყო გამოხატული სხვადასხვა განცხადებებში, მხარდაჭერილი დეკლარაციებით, თუ იმ ვიზიტებით, რომლებიც საქართველოში განხორციელდა და ასევე, საქართველოდან აშშ-ში განხორციელებული ვიზიტებით. ბუნებრივია, ნებისმიერ რეკომენდაციას მათი მხრიდან გაეცემა პასუხი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.