დავით ზალკალიანი - ასეთი მაღალი დონის საკანონმდებლო ინიციატივა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია
დავით ზალკალიანი - ასეთი მაღალი დონის საკანონმდებლო ინიციატივა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია

ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება ადასტურებს ასევე იმას, რომ ჩვენ გვაქვს აშშ-ის საკანონმდებლო შტოს ორპარტიული მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრი განმარტავს, რომ დოკუმენტმა უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურები სენატში და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.

„მინდა, უპირველესად, მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიმართ ამ მართლაც უპრეცედენტო საკანონმდებლო აქტის მიღებისთვის. მხედველობაში მაქვს წარმომადგენლობითი პალატის მხრიდან ერთხმად დამტკიცება. რა თქმა უნდა, ამ აქტმა უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურები სენატში. შემდეგ უკვე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს, ამოქმედდება. ეს მართლაც ყოვლისმომცველი და ტოლფასია საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა. ზუსტად ასეთი სახის პარტნიორობა გვსურს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და ეს დოკუმენტიც განსაზღვრავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ეს ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგში მოწინავე პოზიციები უკავია.

„თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ის დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი უაღრესად დახუნძლულია მრავალი სერიოზული საკითხით და ამ დროს აშშ-ის მხრიდან ასეთი სახის მაღალი რანგის დოკუმენტის მიღება ხდება საქართველოსთან მიმართებაში, ადასტურებს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და იმასაც, რომ საქართველოს საკითხს ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მოწინავე პოზიციები უჭირავს“, – აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განმარტებით, დოკუმენტი ყოვლისმომცველია და თანამშრომლობის ყველა მიმართულებას განსაზღვრავს.

„ეს მართლაც ყოვლისმომცველი დოკუმენტია, განსაზღვრავს ჩვენს თანამშრომლობას ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერასა და დახმარებას, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა. უკვე გვაქვს და აუცილებელია ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე ჩვენი სურვილია, ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროში ურთიერთობის დონე იყოს თანასწორი და თანაფარდი იმ ურთიერთობისა, რომელიც გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის კუთხით შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა.

„ამ დოკუმენტის მიღებას წინ უძღოდა 28 კონგრესმენის ერთობლივი წერილი, მიმართვა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლების მიმართ, სადაც სწორედ ამ საკითხზეა ფოკუსირება და იმაზეც, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში, მეტი ფინანსური მხარდაჭერა. გვჭირდება ამერიკის მონაწილეობა ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტში და დარწმუნებული ვარ, ეს დოკუმენტი, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით, ურთიერთობის გაღრმავების კარგი საშუალებაა“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამასთან, ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქტში არის მინიშნება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ამ დოკუმენტში არის მინიშნება და ბმა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან მიმართებით და შესაძლო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით პირების მიმართ, რომლებიც არიან შეყვანილი სიაში. იგი ავალდებულებს აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას, დაიწყოს მუშაობა შემზღუდავი ზომების მიღებასთან დაკავშირებით და ამ თვალსაზრისითაც ვფიქრობ, ის მოიტანს ხელშესახებ შედეგს“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, დოკუმენტში საუბარი და მოწოდებაა რუსეთის ფედერაციის მიმართ, პატივი სცეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან.

„ასევე საუბარია ბევრი მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის კიბერუსაფრთხოებაზე, დახმარებაზე საქართველოსთვის, კერძოდ – არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით. საუბარია შესაძლო სანქციებზე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა, ფორმალური თუ არაფორმალური ურთიერთობა დაამყარონ ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ასე რომ, ვფიქრობ, ასეთი სახის უპრეცედენტო, მაღალი დონის საკანონმდებლო ინიციატივა, საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, ურთიერთობის ისტორიაში და საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, არ გვქონია. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ არის დასტური და ტოლფასი იმ სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.