დავით ზალკალიანი - არსებობს გარკვეული პოზიტიური ნიშნები, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება 
დავით ზალკალიანი - არსებობს გარკვეული პოზიტიური ნიშნები, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება 

მთელი მინისტერიალის განმავლობაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა და ყველა შეხვედრაზე ძალიან მკაცრად დაისვა საკითხი,რომ ის დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრატისლავაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხდა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეში ჩართულია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა.

„არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ვისთან შეხვედრაზეც ეს საკითხი არ დავაყენე. სულ ახლახანს დავასრულე შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელთანაც ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების პირველი დღიდანვე მაქვს კონტაქტი, ისიც ყოველდღიურ რეჟიმში ყველა მის ხელთარსებულ მექანიზმს იყენებენ.  გარკვეული პოზიტიური ნიშნები არსებობს, რომ ის ძალიან მალე უნდა იყოს გათავისუფლებული. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ თავისუფალი გადაადგილება ეს არის ის ფუნდამენტური უფლება, რომლის შეზღუდვის უფლება არ აქვს არავის. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოების აქტივობა თავის შედეგს გამოიღებს და ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.