დავით ზალკალიანი - არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად უნდა გათავისუფლდეს
დავით ზალკალიანი - არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად უნდა გათავისუფლდეს

არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დროული გათავისუფლება უნდა მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მთავარია, ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს პერიოდში გათავისუფლდეს.

„ახლა ჩვენთვის მთავარია, უდანაშაულო პატიმრის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, მთავარია, ეს უახლოეს პერიოდში მოხდეს. მაქსიმალურად ყველაფერია გაკეთებული, რათა ამოქმედებულიყო ყველა საერთაშორისო მექანიზმი. გარკვეული ინფორმაცია არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის დროული გათავისუფლება. მთავრია, მივიღოთ ეს შედეგი, შემდეგ უკვე ვისაუბროთ, ვისი პასუხისმგებლობაა და რატომ მოხდა, თუმცა ჩვენ არც ამ პერიოდში ვერიდებით ამას. ახლა არის ძალიან კრიტიკული მომენტი მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ახლა ეს არის მთავარი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა მოინახულეს. როგორც „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ვაჟა გაფრინდაშვილმა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს უთხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დატოვე კომენტარი