დავით ზალკალიანი - არის მცდელობები აქცენტის ისეთ მიმართულებებზე გადატანის, რაც ჟენევის ფორმატს არ ეხება, ამის გამო ჟენევის დისკუსიებს საფრთხე ექმნება
დავით ზალკალიანი - არის მცდელობები აქცენტის ისეთ მიმართულებებზე გადატანის, რაც ჟენევის ფორმატს არ ეხება, ამის გამო ჟენევის დისკუსიებს საფრთხე ექმნება

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის დისკუსიები უნიკალური ფორმატია თავისი ნიუანსებით და საქართველოსთვის აუცილებელია ამ ფორმატის შენარჩუნება, როგორც ერთადერთი ფორმატისა, სადაც საქართველო რუსეთს შეუსრულებელ ვალდებულებებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით ესაუბრება.

ამ თემაზე დავით ზალკალიანმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მან დეპუტატებს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, საკუთარი ხედვები წარუდგინა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ასევე მოგვიანებით მედიასთნ გაკეთებულ კომენტარში ზალკალიანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ხშირად საუბრობს ფორმატის ცვლილებაზე და მთავარი თემებიდან აქცენტების გადატანას ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე ცდილობს, რასაც ადეკვატური შეფასება უნდა მიეცეს.

„არის მცდელობები გარკვეულწილად, რომ ძირითადი ფოკუსირების თემებიდან მოხდეს აქცენტის გადატანა სხვა ისეთ მიმართულებებზე, რაც არ არის ჟენევის მოლაპარაკებების საქმე და აქედან გამომდინარე, ჟენევას ექმნება საფრთხე. ამიტომ ჩვენ ყველა პარტნიორს ვესაუბრებით ამაზე, რომ ხანდახან არის მცდელობები ჟენევის რაუნდების ჩაშლის. ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება, ზუსტი სახელის დარქმევა – ვინ დგას ამის უკან, ვის გამო მოხდა ამ ფორმატის ჩაშლა. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ეს არ იყოს წამახალისებელი შემდგომი არამართლზომიერი ნაბიჯების გადადგმის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას.