დავით ზალკალიანი არგენტინაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა
დავით ზალკალიანი არგენტინაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში ბუენოს-აირესის საელჩოში არაგენტინაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად სიმცირისა, არგენტინაში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საქართველოსა და არგენტინის ურთიერთობების განვითარებაში და არგენტინაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაში. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია მისი ვიზიტის, არგენტინაში გამართული ორმხრივი შეხვედრებისა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

„საუბარი შეეხო ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ქვეყნის განვითარების ხედვას, აღინიშნა პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ოკუპირებულ რეგიონებზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა, უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს  დიასპორის საკითხებში სახელმწიფოს ცალკეული ინიციატივები გააცნო და  მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს არგენტინაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას განვითარებაში.