დავით ზალკალიანი - არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ადასტურებს, რომ საქართველო თანმიმდევრულად მიდის დემოკრატიისკენ
დავით ზალკალიანი - არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ადასტურებს, რომ საქართველო თანმიმდევრულად მიდის დემოკრატიისკენ

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ადასტურებს, რომ საქართველო თანმიმდევრულად მიდის მომწიფებული დემოკრატიისკენ – ამის შესახებ საქართველოსა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საპრეზიდენტო არჩევნების შუა კვირაში დანიშვნასა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა მიერ გამოთქმული სპეკულაციების შესახებ ისაუბრა.

მისი შეფასებით, არჩევნების თარიღის შუა კვირაში დანიშვნასა და საქართველოს 600,000 მოქალაქისთვის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ ევროპარლამენტარებს არასწორი ინფორმაცია გააჩნიათ.

კერძოდ, ევროპარლამენტარების ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის თარიღი დაინიშნა სამუშაო დღეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან არჩევნების დღე, არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ზუსტად ორი კვირის თავზე დაინიშნა და ის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უქმედაა გამოცხადებული.

ამასთან, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრა დილის 8:00-დან ღამის 12:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

მინისტრის თქმით, არჩევნების შუა კვირში დანიშვნა არ არის უპრეცენდენტო ფაქტი, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნები 2008 და 2012 წლებშიც სწორედ ორშაბათს და ოთხშაბათს გამოცხადდა.

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, უპრეცედენტოა უფრო ის ფაქტი, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტის გამოსავლენად მეორე ტური დაინიშნა.

„სწორედ ეს ფაქტი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები არის ურყევი დასტური იმისა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა გაძლიერებისა და საარჩევნო პროცესების კუთხით საქართველო თანმიმდევრულად მიდის მომწიფებული დემოკრატიისკენ“ – განაცხადა ზალკალიანმა.

600,000 მოქალაქისთვის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, ზალკალიანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე ბევრად ადრე იქნა მიღებული, ამიტომ ის არ უნდა იქნას განხილული არჩევნების კონტექსტში. კერძოდ, პირველად მამუკა ბახტაძემ ამა წლის მაისში, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის რანგში, ხოლო აგვისტოში, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, მთავრობის დამტკიცებისას, ისაუბრა ამ პრობლემის შესახებ.

საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე ბევრად ადრე გააჟღერა აღნიშნული პრობლემის მოგვარების აუცილებლობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემაც.

ზალკალიანის შეფასებით, არ შეიძლება მოსყიდვად ჩაითვალოს მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ მიმართული ზომა, მით უფრო, თუ ის ხორციელდება საქველმოქმედო ორგანიზაციის მხარდაჭერით და არა საბიუჯეტო სახსრებით.

მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაციის უნისეფი-ს კვლევაც დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც: „სიღარიბის გამო, 700 000 მეტი ადამიანია ეკონომიკის გარეთ და მათ არ შეუძლიათ თავიანთი აქტიურობით მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკის განვითარებაში“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით ე.წ. შავი სიის გაუქმება და ამ ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერა ეკონომიკის განვითარებას ემსახურება.