დავით ზალკალიანი - არც ერთ შეხვედრაზე არ წამოწეულა და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა საკითხი, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
დავით ზალკალიანი - არც ერთ შეხვედრაზე არ წამოწეულა და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა საკითხი, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

საგარეო საქმეთა მინისტის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იმ არაერთ შეხვედრაზე, რომელსაც ის ევროპელ კოლეგებთან მართავს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

მინისტრის თქმით, ყველა კარგად აცნობიერებს, რომ  საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელსაც თავისი ინსტიტუტები ქვს და ყველა პატივს სცემს.

„მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მოხდა და ის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, მრავალი შეხვედრა მქონდა ევროპელ კოლეგებთან, ევროპიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი, შეხვედრა მქონდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანასთან, გუშინ საქართველოში ჩამოსული იყო ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ვესწრებოდი პრემიერ-მინისტრთან აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეხვედრას და დღესაც ვიყავი ნატო-ს გენერალურ წარმომადგენელთან, საერთოდ არ გვიმსჯელია ყოფილ პრეზიდენტზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ის სასჯელს იხდის იმ დანაშაულებზე, რომელიც მას მისჯილი აქვს სასჯელი. ეს საუბრის თემა საერთოდ არ ყოფილა.

რა თქმა უნდა, ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან არის გარკვეული მოსაზრებები, ზოგი არის სუბიექტური იმ პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც ყოფილ პრეზიდენტს მათთან ჰქონდა, რა თქმა უნდა, ზოგი პარლამენტარია. მათ პარლამენტარობა და პოლიტიკოსობა შესაძლებლობას აძლევთ, რომ უფრო მეტად თავისუფალი იყვნენ განცხადებებში, მაგრამ უმაღლეს დონეზე, სახელმწიფოთა დონეზე, არც ერთ შეხვედრაზე მსგავსი საკითხი არ წამოწეულა და საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა საკითხი, რომ ეს რაღაცნაირად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის შემდგომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ინსტიტუტები და ყველა პატივს სცემს ჩვენს ინსტიტუტებს. მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს მხრიდან აქვს მისჯილი, ის არის ბრალდებული-მსჯავრდებული კონკრეტულ კრიმინალურ საქმესთან დაკავშირებით და სასჯელს იხდის იმის მიხედვით, რაც განაჩენიც გამოტანილი იყო ქართული მართლმსაჯულების, ქართული სასამართლოს მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.