დავით ზალკალიანი - არასერიოზული იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს გამოვიდნენ და თქვან, რომ ხელს ვაწერთ შეთანხმებას
დავით ზალკალიანი - არასერიოზული იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს გამოვიდნენ და თქვან, რომ ხელს ვაწერთ შეთანხმებას

შარლ მიშელის განცხადება იყო ძალიან რეალისტური, ძალიან დაბალანსებული და ადეკვატური, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ზუსტი შეფასება გააკეთა.

კითხვაზე, მიშელის დოკუმენტის საკითხი მთლიანად დახურულია „ქართული ოცნების“ მხრიდან, თუ შესაძლოა, დღის წესრიგში ისევ დაბრუნდეს იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური მოძრაობა მას ხელს მოაწერს, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საუბარი ყველაფერზე შეიძლება, თუმცა მისი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია.

„საუბარი ყველაფერზე შეიძლება. მგონი, ძალიან დეტალურად ავხსენი ამ შეთანხმების პუნქტები, როგორ მუშაობს და როგორ სრულდება. შეთანხმების დიდი ნაწილი არის შესრულებული. შარლ მიშელის განცხადება იყო ძალიან რეალისტური, ძალიან დაბალანსებული და ადეკვატური. მან ზუსტი შეფასება მისცა. მან მოუწოდა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ არიან ამ შეთანხმების მონაწილე, შეუერთდნენ შეთანხმებას, რადგან შეთანხმება მაშინ ფუნქციონირებს, როცა მასზე ხელმომწერი და მასში მონაწილე ყველა პარტია აწერს ხელს და აგრძელებს მუშაობას, რაც დღეს არ არის. ამიტომ, მე ეჭვი მეპარება და არასერიოზული იქნება, დღეს რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ დღეს ვაწერთ ხელს. მათი მხრიდან ძალიან არასერიოზული იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა და უფრო მეტიც, ჩვენ დღეს უკვე მოვისმინეთ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განცხადება, რომ არათუ ხელს აწერს, არამედ საერთოდ გადის პარლამენტიდან. ამიტომ, შესაბამისად, მგონი, ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხს განიხილავს.