თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხს განიხილავს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხს განიხილავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხს განიხილავს.

პარლამენტის წევრმა პარტიის ოფიში მისვლისას განაცხადა, რომ ლიდერები სწორედ ამ თემაზე მსჯელობისთვის შეიკრიბნენ.

მისი თქმით, თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ ამნისტიის კანონის დამტკიცების შემდეგ გეგმავდა ხელმოწერას, თუმცა ახლა შეცვლილი ვითარების ფონზე ეს საკითხი ხელახლა დადგა.

„ჩვენ როცა ვიმსჯელეთ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ნათელი, რომ მზად ვიყავით, ხელი მოგვეწერა ამ დოკუმენტისთვის, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებდა მავნებლურ ამნისტიის კანონს, რომელსაც მხარს არ უჭერდნენ მათ შორის ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ამ შემთხვევაშიც არ აღასრულა საკუთარი ვალდებულებები და ამნისტიის კანონი მეორე მოსმენის შემდეგ გააჩერა. სწორედ იმიტომ, რომ ის უკვე აპირებდა ამ შეთანხმების ჩაშლას ცალმხრივად, როგორც ეს გააკეთეს, ამ საკითხსაც განვიხილავთ და რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

პირადი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ. მინდა, გითხრათ, რომ მაშინ, როდესაც შედგა აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში, მე ვიყავი ერთადერთი, რომელმაც თქვა, რომ შესვლასთან ერთად ხელმოწერის გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო, თუმცა მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილებები პარტიაში მიიღება უმრავლესობით, კენჭისყრით, დემოკრატიულად და შესაბამისად, რა თქმა უნდა გავაკეთეთ ის, რაც გადაწყვიტა პოლიტსაბჭოს წევრთა უმრავლესობამ. ახლა თავს შევიკავებ დამატებითი კომენტარებისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.