დავით ზალკალიანი - არანაირი პრობლემა არ არის, დაბრუნდეს, მიხეილ სააკაშვილს მართლმსაჯულების ძალიან გამართული სისტემა დახვდება
დავით ზალკალიანი - არანაირი პრობლემა არ არის, დაბრუნდეს, მიხეილ სააკაშვილს მართლმსაჯულების ძალიან გამართული სისტემა დახვდება

დაბრუნდეს, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, საქართველოს მართლმსაჯულება მუშაობს და მიხეილ სააკაშვილს დახვდება მართლმსაჯულების ძალიან გამართული სისტემა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ამასთან, ზალკალიანის თქმით, სააკაშვილის განცხადება მისთვის გარკვეულწილად ღიმილისმომგვრელია.

„ეს ფილმი ჩვენ ნანახი გვაქვს 2016 წლის არჩევნების დროს, როდესაც ასევ ვთქვათ, იყო სურვილი, ზღვით შემოსულიყო. ასევე, ახლა გამოაცხადა, რომ დაბრუნდება, დაბრუნდეს, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, საქართველოს მართლმსაჯულება მუშაობს და მას დახვდება მართლმსაჯულების ძალიან გამართული სისტემა. თქვენ იცით, რომ უკრაინასთან გვქონდა პრობლემები მის გამონათქვამებთან, მის პოზიციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესში არ აქვს მნიშვნელობა, იქნება რაიმე სტატუსის მატარებელი, ეკავება რაიმე თანამდებობა თუ არა. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა, თუ ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე ერევა საარჩევნო პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე ექნება შესაბამისი რეაგირება ყველა იმ საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც მოწვეული გვყავს, რომელიც აკვირდება ამ პროცესს და მას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი და სხვა შეფასება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მოსახლეობას მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.