დავით ზალკალიანი - არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინოს შეფასება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინოს მისი შეფასება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევაზეა საუბარი.
რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კანონით გაწერილ ვალდებულებას, რომლის თანახმად, მან უნდა წარადგინოს ანგარიში საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, ამასთან დაკავშირებით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საქართველო სრულ თანხვედრაშია სტრატეგიულ პარტნიორთან
„ეს არის კიდევ ერთი დასტური და მხარდაჭერის გამოვლინება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. როდესაც ხელშესახებ შედეგებზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია, ეს არის ის დოკუმენტი, სადაც უკვე ხუთი წელია მუდმივად არის საუბარი საქართველოზე, ანუ საქართველო გაჩნდა ამ დოკუმენტში, საუბარი არის ოკუპაციაზე, ნატო-ში ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რუსეთის აგრესულ ქმედებებზე, როგორ უნდა აღმოუჩინონ საქართველოს დახმარება, მათ შორის ფინანსური დახმარება, რომელიც 50 მილიონით გაიზარდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. გახსოვთ, რომ ზაფხულში არჩევნების პერიოდში, ოპონენტები როგორ სარგებლობდნენ და იყენებდნენ, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ, თითქოსდა რაღაც ბმა არის სანქციების დაწესების თაობაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ არც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, არც ამ აქტში არანირი ბმა არ არის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი სერიოზული მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.
დოკუმენტში საუბარია დემოკრატიულ პროცესებზე, რაც არის ის, რომ სახელმწიფო მდივანმა უნდა წარმოადგინოს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით ანგარიში, რაშიც ჩვენ ვართ სრულ თანხვედრაში ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ჩვენ არ გვეშინია მათთან პრობლემურ თემებზე საუბრის. ამაზე ვსაუბრობთ ყველა იმ ფორმატში, რაც არის ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით დაწესებული. ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. როდესაც ახლანდელი ოპოზიცია მაშინ ხელისუფლებაში იყო და ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, მაშინ დემოკრატიის სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის დასწრებას ვითხოვდით, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა საშუალება, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე გვესაუბრა. 2012 წლის შემდეგ ჩვენ გავხსენით მათთვის ეს შესაძლებლობა და ისინი ჩვენთან ერთად ესაუბრებიან ამერიკელ პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა. მოვუსმინოთ და გავითვალისწინოთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის რჩევები.
მიკვირს ჩვენი ოპონენტების, რომლებისთვისაც ამერიკა სტრატეგიული პარტნიორია მაშინ, როდესაც მათთვის მისაღებ ფორმულირებაზეა საუბარი, ხოლო როდესაც ამერიკა მათ ეუბნება, რომ შეწყვიტონ ბოიკოტი და შევიდნენ პარლამენტში, მაშინ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ელჩს საქართველოში. აი, ეს არის რეალობა და ორმაგი სტანდარტი, რასაც ოპონენტები საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო იყენებენ. სტრატეგიული პარტნიორობა არ ექვემდებარება გადახედვას, მიუხედავად იმისა ის არის კრიტიკული თუ არა და მათი კრიტიკა მომდინარეობს იქიდან, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. არანაირი პრობლემა იმაში, რომ სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინოს მისი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ არსებობს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს, სადაც საქართველოსთვის არანაკლებ 132 025 000 დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გაწევაზეა საუბარი.
აღნიშნული კანონი მანამდე აშშ-ის ასიგნებების კომიტეტმა მიიღო, მოგვიანებით კი კონგრესმა დაამტკიცა, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. კანონი სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს, დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 90 დღის ვადაში, კონგრესის ასიგნებათა კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში „კანონის უზენაესობის და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების“ შესახებ.