დავით ზალკალიანი - არაერთხელ დავაფიქსირეთ ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მიუღებლობა იმ აგრესიისა, რომელიც მიმდინარეობს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ
დავით ზალკალიანი - არაერთხელ დავაფიქსირეთ ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მიუღებლობა იმ აგრესიისა, რომელიც მიმდინარეობს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინის მიმართა მხარდაჭერის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია.

„მინდა მოგახსენოთ ჩვენი აქტივობების შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს და არ იყოს სპეკულაციები, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს და სად დგას დღეს უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე. რა არის ჩვენი ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. მთელი ამ დღეების განმავლობაში და მანამდეც, ვიდრე დაიწყებოდა აგრესია ჩვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, საქართველო მუდმივად იყო უკრაინის სოლიდარული და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ამაზე მეტყველებს უამრავი ის ნაბიჯი, რომელიც განვახორციელეთ უკრაინის ძმების და დების მხარდასაჭერად. ეს იყო გამოხატული არა მხოლოდ ჩვენს განცხადებებში, არამედ იმ პოლიტიკურ ინიციატივებში, რომელიც მოდიოდა ჩვენი ევროპელი, ამერიკელი და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, – აღნიშნა მინისტრმა.

ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლეს პირებს არაერთ საერთაშორისო პარტნიორთან ჰქონდათ ბოლო დღეების განმავლობაში საუბარი.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი, მე და ასევე პრეზიდენტი მუდმივად ვართ კომუნიკაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ბოლო დღეების განმავლობაში მე მქონდა სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ბატონ ბორელთან, გუშინ პრემიერ მინისტრი ესაუბრა ევროკომისარს გაფართოების საკითხებში ბატონ ვარჰეის, პრეზიდენტს ჰქონდა ასევე სატელეფონო საუბრები კოლეგა პრეზიდენტებთან. ასევე, მთელი ამ დღეების განმავლობაში მე მუდმივად კავშირზე ვარ ჩემს უკრაინელს კოლეგასთან, სამი ოთხი ზარი იყო ჩვენს შორის და მანამდე მიუნხენში გვქონდა ფიზიკური შეხვედრა, როდესაც ჩვენ განვიხილეთ იქ მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი საფრთხეები. ყველა ამ შეხვედრის ძირითადი ლაიტმოტივი არის უკრაინაში შექმნილი უმძიმესი სიტუაცია, ომი, აგრესია, რომელიც განხორციელდა უკრაინის მიმართ. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მიუღებლობა იმ აგრესიისა, რომელიც მიმდინარეობს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების დარღვევა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო შეუერთდა ძალიან ბევრ დეკლარაციას, რეზოლუციას და უფრო მეტიც, საქართველო იყო საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებთან ერთად, ვინც ხმა მისცა რუსეთის ფედერაციის წევრობის შეჩერების მექანიზმის დაწყებას.

„ასევე, საქართველომ დაასპონსორა აშშ-ის რეზოლუცია, რომელიც იყო წარდგენილი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინაშე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ამ რეზოლუციას ძალიან მკაცრად შეხვდებოდა რუსეთის ფედერაცია და ასეც მოხდა, ვეტო დაადო, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ თანასპონსორი ვიყავით ამ რეზოლუციის. საქართველო შეუერთდა ევროკავშირის უმწვავეს განცხადებებს. მოგიწოდებთ, ნახოთ ტექსტი, რა შეფასებებია იქ გაკეთებული და ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია, ეს მარტივი არ არის, პოლიტიკური განცხადებები არის სერიოზული პოზიციის გამომხატველი განცხადებები. ეს არის მთავრობის პოზიცია, რომელიც მხარდაჭერილია პრემიერ-მინისტრის მიერ. გარდა ამისა, გვქონდა შეხვედრა და მუდმივად ვართ ჩვენს უკრაინელ კოლეგასთან კავშირზე, უკრაინის ელჩთან საქართველოში, პრემიერ-მინისტრის დავალებით მე მას გადავეცი მზაობა, რომ საქართველომ გამოუყოს უკრაინას ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული ჰუმანიტარული დახმარება, ეს დახმარება უკვე გაგზავნილია და უკრაინაში. ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზაობა, რომ საქართველოში მყოფი უკრაინელები, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ უსასყიდლოდ განვათავსოთ და მათ შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ. მსგავსი სახის ჰუმანიტარული დახმარებები აუცილებლად გაგრძელდება. პრემიერის დავალებით მე მონაწილეობა მივიღე ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სპეციალურ სხდომაში, სადაც ძალიან მწვავე შეფასებები გავაკეთე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა ისის, რომ საქართველოს საელჩო უკრაინაში ადგილზე რჩება.

„ასევე, ჩვენი სოლიდარობის, მხარდაჭერისა და ურყევი პოზიციის გამოხატულებაა ის, რომ ჩვენი საელჩო უკრაინაში მაშინ, როდესაც კიევი დაცლილია და სულ რამდენიმე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი იმყოფება, ისიც მხოლოდ შემცირებული რაოდენობით, ქართული დროშა დღეს კიდევ კიდია კიევში ჩვენი საელჩოს თავზე და არც ერთმა დიპლომატმა მიუხედავად იმისა, რომ მე მათ შევთავაზე, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რომ საფრთხე ემუქრებათ, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ისინი უნდა დარჩნენ, რა თქმა უნდა წამოვიყვანეთ მათი ოჯახის წევრები და ისინი არიან იქ. იმ უპრეცედენტო მხარდაჭერის, რომელიც უკრაინის მიმართ არის საქართველო სრულიდ გამზიარებელია“, – განაცხადა ზალკალიანმა.