დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, ორ კვირაში გაფართოვდეს ქვეყნების სია, რომლებთანაც საქართველო საზღვრებს გახსნის
იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩამოვლენ, წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი, სადაც მითითებული იქნება, საქართველოში რა ადგილზე იქნებიან განთავსებული, რათა იყოს შესაძლებლობა, შესაბამის სამსახურებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შესაბამისად ჰქონდეთ მათზე წვდომა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს.
ამასთან, დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, ორ კვირაში გაფართოვდეს ქვეყნების სია, რომლებთანაც საქართველო საზღვრებს გახსნის
„ჩვენთვის მთავარია ზრუნვა, როგორც ევროპელი პარტნიორების მოქალაქეებზე, ასევე
ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. დანარჩენ ქვეყნებშიც, რომლებმაც მიიღეს საქართველოსთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება, არის გარკვეული დათქმები და წინაპირობები. მაგალითად, ზოგიერთი ქვეყანა გვიწესებს 14-დღიან კარანტინს, ასევე თვითიზოლაციას. მსგავსი მიდგომები გვაქვს ჩვენ ამ ქვეყნებთან მიმართებაშიც. არიან გარკვეული ქვეყნები, რომლებმაც საერთოდ არ მიიღეს ის სარეკომენდაციო სია, რომელიც ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა ივნისის ბოლოს. ჩვენი მიდგომაც არის სარკისებრი და ჩვენც ვიმოქმედებთ შესაბამისად ყველა ამ ქვეყანასთან მიმართებით. არ არის გამორიცხული, ორი კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიხედოს ეს სია, გაფართოების კუთხით, რადგანაც მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ყველა წევრ ქვეყანასთან იმისთვის, რომ ორმხრივად მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
რეკომენდაციები მაგალითად არ გაითვალისწინა ავსტრიამ, დანიამ, ბულგარეთმა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან, გადაწყვეტილებები, კი ეტაპობრივად მიიღება. ეს იქნება ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, მათ შორის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან, ვხედავთ, რომ ყოველდღიურად იცვლება სურათი. რამდენიმე ქვეყანამ საზღვრის გახსნის შემდეგ კარანტინიც კი გამოაცხადა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ რამდენიმე რეგიონში“, – აცხადებს ზალკალიანი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ფრენებთან დაკავშირებით უკვე კომუნიკაციაში არის ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის ავიაკომპანიებთან.
„ჩემი ინფორმაციით, უკვე „ლუფთჰანზასთან“ არის მიღწეული შეთანხმება, რომ სავარაუდოდ აგვისტოდან აღდგება რეგულარული ფრენები და ეს იქნება კვირაში ორი ფრენა. ასევე, მიდით მოლაპარაკებები „ეარ ბოლტიკთან“ და „ეარ ფრანსთან“, რომ აღდგეს რეგულარული ფრენები. ფრენები დღეიდან შეიძლება, თუკი პირდაპირი რეისები არის. მაგალითად, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბალტიისპირეთიდან საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულებიდან, ეს შეიძლება იყოს ამსტერდამიდან, ვენის რეისით, ანუ დღეს არსებული რეისებით შეუძლიათ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ისარგებლონ.
რაც შეეხება ჩარტერულ, კომერციულ ფრენებს, რომლებსაც ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ ასრულებს, ეს მიმართულებები განსაზღვრულია და ჩვეულებრივად გაგრძელდება. ამას ემატება ის მიმართულებები, საიდანაც ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალური ფრენების რეჟიმში ჩვენი მოქალაქეების გამოყვანას. ეს იქნება ვარშავა, ათენი, რომი და ბარსელონა. ეს არ იქნება მხოლოდ ივლისში, გავაგრძელებთ აგვისტოში და სექტემბერშიც“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.
საქართველომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრები გახსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.