დავით ზალკალიანი - როცა საქმე ეხება ჩვენს საგარეო პრიორიტეტს, ნატო-ში ინტეგრაციას, ყველა ოპონენტის თუ პარტიის სრული კონსოლიდაცია უნდა იყოს
დავით ზალკალიანი - როცა საქმე ეხება ჩვენს საგარეო პრიორიტეტს, ნატო-ში ინტეგრაციას, ყველა ოპონენტის თუ პარტიის სრული კონსოლიდაცია უნდა იყოს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოპონენტების განცხადებებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო ნატო-ს სამიტს არ ესწრებოდა.

ზალკალიანმა 2009 და 2005 წლების მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ტყუილები პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანს.

მინისტრის შეფასებით, როცა საქმე ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს, ნატო-ში ინტეგრაციას ყველა ოპონენტისა და პარტიის კონსოლიდაცია უნდა იყოს.

„მეც მივაქციე ყურადღება და არ ვაპირებდი ამ სიცრუეზე საუბარს. მე ვიტყოდი, ეს არის უტიფარი ტყუილი, რადგან  შემიძლია, კონკრეტული ფაქტებით ვესაუბრო ოპონენტებს. მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის – ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს, ვფიქრობ, აქ მიუღებელია ოპონენტების მხრიდან აბსოლუტურად გაუმართლებელი პოლიტიკური მიზნებისთვის ტყუილები. და არ მგონია, რომ ეს სიცრუე და ტყუილები მათ რაღაც პოლიტიკურ ქულებს, ღირსებას შემატებს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე. შეგახსენებთ 2009 წელს, სტრასბურგი-კილის სამიტს და ძალიან კარგად უნდა ახსოვდეთ ადამიანებს, რომლებიც ასეთ სიცრუეს ავრცელებენ, რადგან მაშინ სწორედ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ღმერთია მოწამე, არ მინდოდა ამის თქმა, რომ ოპონენტებთან საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს ჩასაფრებულის პოზიციიდან მესაუბრა, მაგრამ ფაქტია, რომ არც 2009 წელს, მაშინ, როდესაც ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ახალი პრეზიდენტი იყვნენ ჩასული სამიტზე და ძალიან ვიწრო შემადგენლობით შეიკრიბა სამიტი, არ იყო მიწვეული საქართველო, ისევე როგორც 2005 წელს, არც მაშინ ესწრებოდა სამიტს საქართველო. ეს არის ფაქტები და აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხს. აქ უნდა იყოს სრულიად კონსოლიდაცია ყველა ოპონენტის, თუ ყველა პოლიტიკური პარტიის, რადგან საქმე ეხება მთავარს, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს, ნატო-ში ინტეგრაციას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.