დავით ზალკალიანი - არ არის გამორიცხული, სააკაშვილს უკრაინის კანონმდებლობაც დაერღვია და უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების უფლება-მოვალეობაა, რომ იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე.
„ჩვენ აქ განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვიდრე მსჯავრდებული სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე გახდებოდა, ის იყო საქართველოს მოქალაქე და საქართველოს პრეზიდენტი. მას მისჯილი აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ყველასთვის ცნობილი იყო ეს, ახალი რამე ხომ არ გვითქვამს, რომ თუ გადმოკვეთდა საქართველოს საზღვარს, მყისიერად ამოქმედდებოდა საქართველოს მართლმსაჯულება, რაც მოხდა კიდეც. არავისთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებიდან ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მისთვისაც მოულოდნელი იყო.
„ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ ეს მისთვისაც მოულოდნელი იყო, მგონი, მანაც მედიით შეიტყო მის მიერ უკრაინის დატოვების ფაქტი. ასევე, ჩემი პირადი ვარაუდია, რომ არ არის გამორიცხული, მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი. ბევრი საკითხია, მე დარწმუნებული ვარ, სამართლებრივ ჭრილში გადაიჭრება ეს ყველაფერი, ისე, როგორც ჩვენს კანონმდებლობას შეესაბამება. მისი უფლებები, რისი უფლებებიც მას, როგორც მსჯავრდებულს, იქნება დაცული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.