დავით ზალკალიანი - აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით, მომავალი წელიც იქნება პრიორიტეტული
დავით ზალკალიანი - აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით, მომავალი წელიც იქნება პრიორიტეტული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ქართული მხარე სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე ევროპულ სტრუქტურებთან აქტიურად თანამშრომლობს. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ევროკომისიის ანგარიშის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომლის გამოქვეყნება დეკემბრის ბოლომდე იგეგმება.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით. მათთან ყველა კომუნიკაცია იყო ძალიან აქტიურად, არამარტო ბრიუსელში, არამედ ორმხრივი ვიზიტების დროსაც. მაგალითად, ჩემს ბოლო ვიზიტის დანიაში შედეგად მოჰყვა ის, რომ დანიამ საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა

მისივე თქმით, ქართული მხარე მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რადგანაც სავიზო ლიბერალიზაცია არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აუცილებელია პრევენციული ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან იქნას აცილებული არახელსაყრელი განვითარება.

„ჩვენ გვქონდა პოზიტიური დინამიკა ბევრ ქვეყანასთან მიმართებით. საგრძნობლად იკლო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ. ეს აღინიშნა კანცლერ მერკელის ვიზიტის დროს. უშუალოდ ქალბატონმა მერკელმა ახსენა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველოს გერმანიასთან აქვს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უწყების დონეზე. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და მათი თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ერთობლივი ღონისძიებაა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით არ შევასუსტებთ საქმიანობას. მომავალი წელიც იქნება პრიორიტეტული და აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.