დავით ზალკალიანი - ანგელა მერკელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროკავშირს საფრთხეს არ უქმნის
დავით ზალკალიანი - ანგელა მერკელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროკავშირს საფრთხეს არ უქმნის

ანგელა მერკელმა ძალიან მკაფიო მესიჯი გააჟღერა, რომ საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროკავშირს არანაირ საფრთხეს არ უქმნის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა და საქართველო ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნები არიან.

„სპეკულაციებია, თუ როდის მოხდება გაწევრიანება, ერთ, ორ თუ ხუთ წელიწადში, მაგრამ ერთ რამეში ძალიან მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. მოკლე პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია, ვმუშაობთ საგზაო რუკაზე და ყველა იმ მექანიზმზე, რომელიც საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებს დააჩქარებს. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მეტი სექტორალური ინტეგრაცია, სხვადასხვა პროგრამაში მეტი თანამშრომლობა, ფიზიკური ინტეგრაცია მოვახდინოთ და ამის სრული მზაობა და პოლიტიკური ნებაა. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას, არც ევროკავშირთან და არც ნატო-სთან მიმართებით. უფრო მეტიც, 2008 წლიდან 2012 წლამდე გაიხსენეთ, როგორი დაპირებები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ხვალ საქართველოს ნატო-ში მიიღებენ. აი, ხვალ საქართველოს მაპ-ი ექნება. მერე როცა მაპ-ი ვერ მივიღეთ, განცხადება იყო, რომ საქართველომ მაპ-ზე უკეთესი მიიღო და ჩვენი საზოგადოება ილუზიებში ცხოვრობდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით სერიოზული პროგრესი აქვს. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ამ საკითხზე გერმანულ მხარესთანაც ისაუბრეს.

„მე არ ვქმნი მაღალ მოლოდინებს და გუშინდელ ჩემს განცხადებაში ვთქვი, არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს ნატო-ში გასაწევრიანებლად. კონსენსუსი გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე არ არის, მაგრამ ეს პროცესია, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ორმხრივ ფორმატებში ჩვენს ამერიკელ და გერმანელ პარტნიორებთან ვმუშაობთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ამერიკელებისა და ნატოელი პარტნიორების ყოფნა და ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა იმის დასტურია, რომ საქართველო ნატო-სკენ მიდის.

„ჩვენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და მდგრადობას ვაძლიერებთ. ეს არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის. ეს მხოლოდ სტაბილურობას, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და რეგიონის უსაფრთხოებას ემსახურება. ძლიერი საქართველო ყველას, მათ შორის მეზობლების ინტერესებში უნდა იყოს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ანგელა მერკელმა დღეს უპასუხა თსუ-ს სტუდენტის კითხვას, ხომ არ შეუქმნის პრობლემას საქართველოს ევროინტეგრაციას ევროპაში ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიების გაძლიერება, რადგან ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით გაფართოებას ეწინააღმდეგებიან.

„კიდევ ვინ გინდათ, დასავლეთ ბალკანური ქვეყნებიღა გაკლდათ – საქართველო, უკრაინა თავისი პრობლემებით – ასეთი არგუმენტები არსებობს სწორედ იმისთვის, რომ ევროპის კონტინენტზე ხალხი ხელოვნურად დააშინონ.

როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპის დაშინება, როგორ შეიძლება მონსტრულ სიტუაციად ამის წარმოჩენა. რა „პრობლემები“ შეიძლება შექმნას საქართველოს გაწევრიანებამ. ეს არის ადამიანური ემოციები, ძალიან ადვილად მანიპულირებადია და ძალიან დიდი სიფრთხილეა ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.