დავით ზალკალიანი - ანგელა მერკელის მისვლა საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ გერმანიისთვის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კატეგორიულად მიუღებელია
დავით ზალკალიანი - ანგელა მერკელის მისვლა საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ გერმანიისთვის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კატეგორიულად მიუღებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საოკუპაციო ხაზთან მივა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ გერმანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რაც შეეხება ფორმატს, ზალკალიანის თქმით, ის წინასწარ შეთანხმებულია ევროკავშირის მისიასთან.

„თუნდაც ის ფაქტი, რომ ასეთი სერიოზული გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური პრობლემების ფონზე, რომლის წინაშეც არის დღეს თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება, გერმანიის კანცლერი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნისა, მოდის საქართველოში. დროის ფაქტორსაც დიდი მნიშვნელობა აქვს – ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი უპირველესად, საქართველოს მხარდაჭერის, ასევე იმის, რომ გერმანიის კანცლერი მიდის საოკუპაციო ხაზთან, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ გერმანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია”,- აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რაც შეხება ანგელა მერკელის საოკუპაციო ხაზთან მისვლის ფორმატს, რომლის მიხედვითაც, მასთან ერთად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ იქნებიან; როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ეს არის ფორმატი, რომელიც წინასწარ შეთანხმებულია ევროკავშირის მისიასთან.

“რაც შეეხება ფორმატს, მოგიწოდებთ,  ყურადღებით გადაავლოთ თვალი ევროკავშირის წინა ლიდერების ვიზიტებს. სწორედ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ ორგანიზებული განხორციელდა მათი მისვლა საოკუპაციო ხაზთან. ეს არის სწორედ ის ფორმატი, რომელიც წინასწარ არის შეთანხმებული ევროკავშირის მისიასთან. არასდროს ქართული მხარე არ იყო ამ ვიზიტზე. ევროკავშირის არც ერთი ლიდერი არ ყოფილა ოკუპაციის ხაზზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გარეშე”,-მიმართა ზალკალიანმა ჟურნალისტებს.

საქართველოში ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.