დავით ზალკალიანი - ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია და მომავალშიც ასე იქნება
დავით ზალკალიანი - ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია და მომავალშიც ასე იქნება

ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია და მომავალშიც ასე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა, ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას.

მისი თქმით, პროექტის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ მთავრობის სტრატეგიაშია დასახელებული.

„ფაქტი, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიაში გვაქვს დასახელებული, მის მნიშვნელობაზე მიანიშნებს. ხაზს ვუსვამ, პირველი დღიდანვე, ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობის მხრიდან მოხდა ამ პროექტის ინიცირება, ყველა პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამდა ამ პორტისა და აღნიშნული პროექტის განხორციელების მნიშვნელობას. ყველა ფორუმი, ყველა მაღალი დონის ტრიბუნა, წამოღებული მაქვს სპეციალურად ყველა განცხადება, პრემიერ-მინისტრის, ჩემი, სხვა მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომელიც გაკეთდა ანაკლიის პორტთან მიმართებაში სხვადასხვა დონის ფორუმებზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა გასული წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზეც.

„ბოლო, 21 ნოემბრის შეხვედრაზე გავამახვილებ ყურადღებას. როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს მთავრობა არ უჭერდეს მხარს პროექტს და ის ევროკავშირის პრიორიტეტული პროექტების სიაში წარადგინოს. ეს ხომ წარმოუდგენელია. ამიტომ, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ბუნებრივია, აღნიშნული პროექტი შეტანილი არის ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ საკითხად. ყველა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განვიხილავთ, ვახსენებთ რა პროგრესია ანაკლიის პორტის მშენებლობასთან და პროექტის განხორციელებასთან მიმართებაში. ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მისი თქმით, შეხვედრების შესახებ საელჩოებისადმი მიმართვის შემთხვევაშიც არანაირი პრობლემა არ იქმნება.

„საელჩოებში თუ არის მიმართვიანობა შეხვედრებთან დაკავშირებით, ამ მიმართულებითაც არანაირი პრობლემა არ არის. არავინ მომატყუებინებს, რომ საელჩოები არ ეხმარებიან ან არ არიან ამ პროცესებში ჩართული. ამიტომ მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს პროექტი არის პრიორიტეტული და მომავალშიც ასე იქნება“, – განუცხადა დავით ზალკალიანმა დეპუტატებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.