დავით ზალკალიანი - ამერიკის შეერთებული შტატებისგან და გაერო-ს უშიშროების საბჭოზე მიმდინარე დებატების დროს სერიოზული მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ
დავით ზალკალიანი - ამერიკის შეერთებული შტატებისგან და გაერო-ს უშიშროების საბჭოზე მიმდინარე დებატების დროს სერიოზული მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატებისგან და გაერო-ს უშიშროების საბჭოზე მიმდინარე დებატების დროს მივიღეთ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი გზავნილები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე განცხადებაში არის ზუსტი აქცენტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, იმ ქმედებებთან მიმართებაში, რომელსაც მიმართავს ოკუპანტი ძალა.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა. ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა ფორმატს, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ფორმატს, როგორიც არის გაერო-ს უშიშროების საბჭო. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი პოლონელი პარტნიორების მიმართ, რომლებმაც, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივმა წევრებმა, ინიცირება გაუკეთეს დახურულ ფორმატში დებატებს“, -აღნიშნავს მინისტრი.

დავით ზალკალიანის თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული უკანონო ნაბიჯების მიუღებლობაზე მკაფიო გზავნილები გაკეთდა და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაისმა მოწოდება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების თაობაზეც.

„მსგავსი სახის გზავნილები ასეთი ფორმატებიდან არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს და, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ დასავლელი პარტნიორების დახმარებით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც გაკეთებულია აქცენტი ოკუპაციის მოუღებლობაზე. უნდა აღინიშნოს,რომ აშშ-ის მხრიდან ჩვენ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე გვაქვს მკაფიო გზავნილები ოკუპაციასთან დაკავშირებით, უკვე მკვიდრდება ტერმინი ოკუპაცია, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, – აღნიშნავს მინისტრი.

დავით ზალკალიანის თქმით, „სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან საოკუპაციო პრობლემებზე ყველა არსებულ, თუ ახალ ფორმატში საუბრობს, რისი შედეგიც არის საქართველოს თემის ყოველწლიურად აქტუალიზება“.

გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს. მხარეების მიერ გამოიხატა ღრმა შეშფოთება საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების გავლების ინტენსიფიკაციის გამო. აღინიშნა, რომ ეს არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რეგიონის უსაფრთხოებას. განცხადებაში მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, რომ სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიმართავს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება. „ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი