დავით ზალკალიანი - ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ჩვენთან მიმართებით მუდმივად ახსენებენ რუსეთის ფედერაციას, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას
დავით ზალკალიანი - ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ჩვენთან მიმართებით მუდმივად ახსენებენ რუსეთის ფედერაციას, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ჟენევაში, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას განხილული იქნება გლობალური მნიშვნელობის გამოწვევები.

მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან აქვთ მყარი გარანტიები რომ შეხვედრისას საქართველოსთან დაკავშირებული თემებიც იქნება განხილული.

„ამ შეხვედრაზე იქნება განხილული გლობალური მნიშვნელობის გამოწვევები. მოგეხსენებათ, როგორ კრიტიკულ სიტუაციაშია რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, რასაც აქვს თავისი ობიექტური მიზეზები და ამის შესახებ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არაერთხელ საუბრობს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი არის ის განსხვავებები, რომლებიც არის აშშ-სა და რუსეთს შორის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან მიმართებით და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესრულებასთან, რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი განსახილველი თემა არის საქართველო, რადგან ის, რაც უკრაინაში მოხდა, იყო განმეორება 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომისა. იმისა, თუ რამ მიიყვანა საერთაშორისო დღის წესრიგი იმ სიტუაციასთან, რა სიტუაციაც არის დღეს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, მუდმივად ვეუბნებით, რომ რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში აუცილებლად იყოს განხილული საქართველოს თემატიკა. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ამას გამოაცხადებენ, საჯაროდ იტყვიან, განიხილეს თუ – არა, მთავარია, ეს საკითხი იყოს განხილული. ამის შესახებ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან მყარი გარანტიები, რომ ჩვენთან მიმართებით მუდმივად ახსენებენ რუსეთის ფედერაციას, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ოკუპაცია არის შედეგი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის და იმისა, თუ როგორ არ იცავს რუსეთი მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, როგორ უშვებს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებს ადგილზე და როგორ არ სრულდება ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ჟენევაში, ცნობილ ლა გრანჯის ვილაში შეხვდებიან.