დავით ზალკალიანი ამერიკელ სენატორს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამერიკელ სენატორს რესპუბლიკური პარტიიდან, სენატორ როი ბლანტს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა. აღინიშნა ამ მიმართულებით აშშ-ის კონგრესის მნიშვნელოვანი როლი და ის ორპარტიული მხარდაჭერა, რაც საქარველოს აქვს აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას კიდევ უფრო განავითაროს აშშ-სთან თანამშრომლობა თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სენატორს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების შესახებ.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის განსაკუთრებით 2017 წლიდან მოყოლებული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში ასახული საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ამ მხრივ, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებსა და ამ მხრივ შექმნილ ვითარებას. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სენატორმა დაგმო რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.