დავით ზალკალიანი - ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ფასეულია, სხვაგვარად უსაფრთხოების გამოწვევებს ვერ გავუმკლავდებით
დავით ზალკალიანი - ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ფასეულია, სხვაგვარად უსაფრთხოების გამოწვევებს ვერ გავუმკლავდებით

ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნი და ფასეულია, სხვაგვარად ჩვენ ვერ გავუმკლავდებით იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშე არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ამერიკული სამხედრო კონტიგენტის რამე ფორმით განთავსება იქნება თუ არა მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას მსჯელობის ერთ-ერთი საგანი“.

დავით ზალკალიანის განმარტებით, მუდმივად მიმდინარეობს საუბარი იმ საკითხებზე, რაც ეხება ამერიკელების დახმარებით საქართველოს გაძლიერებას.

„ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის, სხვაგვარად ჩვენ ვერ გავუმკლავდებით იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშე არსებობს. ამიტომ მუდმივად ვსაუბრობთ ამ თემებზე, რაც გულისხმობს საქართველოს გაძლიერებას ამერიკელების დახმარებით, დღესაც ვისაუბრებთ და მომავალშიც გაგრძელდება ეს საუბარი. ამას მიანიშნებს ის კონკრეტული შედეგები, რაც გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მომავალშიც გვექნება ხელშესახები შედეგები“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია. მაიკ პომპეოს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ასევე, პომპეო შეხვედრას გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.