დავით ზალკალიანი - ამ ორი დღის განმავლობაში ვისმენდით უაღრესად პოზიტიურ შეფასებებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით
დავით ზალკალიანი - ამ ორი დღის განმავლობაში ვისმენდით უაღრესად პოზიტიურ შეფასებებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში იყო ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული დიდი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის დემონსტრირება.

როგორც მინისტრმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისა და მუდმივი წარმომადგენლების გაცილების ცერემონიისას განაცხადა, NAC-ის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს საქართველომ მიიღო უაღრესად პოზიტიური შეფასებები, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების საკითხში.

„ორი დღის განმავლობაში გვქონდა საინტერესო, შინაარსიანი დისკუსია ყველა ძირითად საკითხზე, რაც აქტუალურია ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. რაც ყველაზე ხაზგასასმელია, ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ შეფასებებს იმ კურსთან დაკავშირებით, რაც საქართველოს გააჩნია ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რაც საქართველომ განახორციელა თავდაცვის და უსაფრთხოების, პოლიტიკური რეფორმების მიმართულებით, ასევე ჩვენი მდგრადობის გაძლიერების კუთხით. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საუბრები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რაშიც საქართველოს ხელისუფლება არის თანმიმდევრული. ძალიან პოზიტიურად შეფასდა ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო 2020 წლის არჩევნებზე ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც მიანიშნებს საქართველოს დემოკრატიის მდგრადობასა და თანმიმდევრულობაზე,“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო რომ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველოში ვიზიტის დროს ჰქონდა შესაძლებლობა, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის, ასევე პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან მოესმინა მათი ხედვები ნატო-ში ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და პროცესზე.

დავით ზალკალიანის თქმით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომი მიზნების განხორციელებას.

„ჩვენ ვაგრძელებთ ყველა მიმართულებით საქმიანობას ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და ყველა ღონისძიებას, რომელიც მომავალშია დაგეგმილი, მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ საქართველო კიდევ უფრო დავაახლოვოთ ნატო-სთან,“ – განაცხადა მინისტრმა.

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის შემადგენლობაში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ასევე ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები შედიოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.