დავით ზალკალიანი - ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე უშიშროების საბჭოს შემადგენლობის ფორმატში შიდა განხილვა გაიმართა, აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს
დავით ზალკალიანი - ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე უშიშროების საბჭოს შემადგენლობის ფორმატში შიდა განხილვა გაიმართა, აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს

ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საგარეო უწყებას ბოლო დღეებში ჰქონდა კომუნიკაცია აშშ-ის საქმეთა რწმუნებულთან და სხვა პარტნიორებთან.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა რწმუნებულთან, ასევე სხვა პარტნიორებთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე რეგიონში სიტუაციის ესკალაცია, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს დამაზიანებელი ეფექტი არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ რეგიონს მიღმა. ჩვენს ინტერესებში იყო სიტუაციის დეესკალაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ პროცესები წავიდეს დეესკალაციის მიმართულებით, აქტიურად იყოს ჩართული ყველა დიპლომატიური მექანიზმი და ამოქმედებული ყველა დიპლომატიური საშუალება, რათა სიტუაციის განმუხტვის ყველა საშუალება მოიძებნოს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა იორდანიაში საქართველოს საელჩოს თავის მოქალაქეებთან, რომლებიც ძირითადად, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში არიან.

„ჩვენ ინსტრუქტირებული გვყავდა ყველა ჩვენი საელჩო ყურეს რეგიონში, რომ იქ არიან ჩვენი მოქალაქეები. ბუნებრივია, მთავარი აქცენტი გამახვილებული იყო ერაყზე. თავად ბაღდადში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა არ ფიქსირდება. ჩვენ გვყავს საქართველოს მოქალაქეები ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში და სწორედ მათთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია. იყო და უკვე გვაქვს მიღებული ზომები იმასთან დაკავშირებით, რომ ცუდი სცენარის პირობებში როგორ მოხდებოდა საქართველოს მოქალაქეების დახმარება. ისინი მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს საელჩოსთან. ჩვენ არ გვაქვს საელჩო ბაღდადში, ერაყში, მაგრამ ვფარავთ იორდანიიდან და სწორედ ამ საელჩოს დახმარებით ხდებოდა კომუნიკაცია. ნებისმიერი სცენარის განვითარების პირობებში, ჩვენ მზად ვიყავით, ვართ და ვიქნებით აქტიური კომუნიკაციისთვის ჩვენს მოქალაქეებთან. ეს დავალება პირველი დღეებიდანვე მიღებული გვქონდა პრემიერ-მინისტრისგან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უშიშროების საბჭოს შემადგენლობის ფორმატში საკითხის შიდა განხილვაც გაიმართა.

„უშიშროების საბჭოს შემადგენლობის ფორმატში შიდა განხილვაც გაიმართა. პრემიერ-მინისტრი უშუალოდ იყო ჩართული ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე იმ უწყებებთან, რომლებიც წარმოდგენილნი არიან უშიშროების საბჭოს ფორმატში. ვიყავით მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, პარტნიორებთან. ამ მომენტისთვის უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა არ დგას. აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.