დავით ზალკალიანი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი წლის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენა იყო საქართველოსთვის, მიზნები და მოლოდინები, რაც გვქონდა, ყველაფერი ასახულია დეკლარაციაში
დავით ზალკალიანი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი წლის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენა იყო საქართველოსთვის, მიზნები და მოლოდინები, რაც გვქონდა, ყველაფერი ასახულია დეკლარაციაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის წლის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენა იყო, რადგან მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ასახულია ის მიზნები და მოლოდინები, რაც სამიტთან დაკავშირებით არსებობდა.

დავით ზალკალიანის თქმით, დეკლარაციაში დადასტურებულია საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი.

„საქართველოსთვის მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი სამიტი იყო, შედეგებიდან გამომდინარე და შეიძლება ითქვას, რომ წლის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენა იყო საქართველოსთვის, რადგან ის მიზნები, სურვილები და მოლოდინები, რაც გვქონდა სამიტთან დაკავშირებით, ყველაფერი ასახულია დეკლარაციაში. სამიტის დეკლარაციაში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი, რაც რა თქმა უნდა, უნდა იყოს განხილული სწორედ იმ კონტექსტში, რომ ჩვენ მივისწრაფვით წევრობისკენ და სწორედ საქართველოს ევროპული არჩევანი და ინსპირაცია სწორედ ამ კონტექსტში განიხილება. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დასტურია და აღიარება ჩვენი.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რისი მოლოდინიც გვქონდა და რაზეც ვმუშაობდით, იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დადასტურება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს დეფინიციაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული ევროკავშირის მეტი ჩართულობა უსაფრთხოების კუთხით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის, როგორიც ერთ-ერთი საერთაშორისო აქტორის საერთაშორისო ურთიერთობებში, იგივე ჟენევის მოლაპარაკების პროცესში და ამის ხაზგასმა ამ დონის დეკლარაციაში, ვფიქრობ, დიდი წარმატებაა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, დეკლარაციაში საუბარია ეკონომიკურ განზომილებასა და იმ მიმართულებებზე, რამაც საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოუტანოს კონკრეტული შედეგები, როგორიცაა მაგალითად, უვიზო მიმოსვლა. ზალკალიანის თქმით, ამ თვალსაზრისით დაკავშირებადობა და ევროპის ერთიან ბაზარზე წვდომის აღიარება პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია.

„დიდი წარმატებაა, რომ დეკლარაციაში საუბარია ეკონომიკურ განზომილებასა და იმ მიმართულებებზე, რამაც ქვეყანას, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოუტანოს კონკრეტული შედეგები და მოქალაქეებმა იგრძნონ საკუთარ თავზე, მაგალითად ისე, როგორც იგრძნეს თავისუფალი სავიზო მიმოსვლის მიღწევა. ამ თვალსაზრისით დაკავშირებადობა და ევროპის ერთიან ბაზარზე წვდომის აღიარება პოლიტიკურად არის ძალიან მნიშვნელოვანი.

კერძოდ, დაკავშირებადობასთან დაკავშირებით ჩვენთვის ცნობილია ის საინვესტიციო და ეკონომიკური პროექტები, რომელზეც მიდიოდა საუბარი ევროკომისარ ვარჰეის საქართველოში ვიზიტის დროს. ის, რომ საბოლოოდ გაფორმდა დღევანდელ დეკლარაციაში, მიანიშნებს იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში ის ითარგმნება პრაქტიკულ განზომილებაში და ჩვენი დაკავშირებადობა, შავი ზღვის გამოყენება, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დიდწილად იქნება შედეგი სწორედ იმ გადაწყვეტილებების, რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ბრიუსელში.

ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ნიშნავს ევროკავშირში „ოთხი თავისუფლების“ აღიარებას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკვე ვიმოქმედოთ როგორც წევრმა ქვეყანამ და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იქნება ხელშესახები“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სიახლეა, რომ პირველად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში საუბარია „ასოცირებული ტრიოს“ შესახებ.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები უკვე აღიარებენ ამ ფორმატის ურთიერთობას, რომელიც არის შემდგარი და „ასოცირებული ტრიოს“ ეგიდით შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ასევე იქნება შეთანხმებული ჰარმონიაში და კოორდინაციაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ შედეგების მისაღწევად ძალიან სერიოზული საქმიანობა გასწია.

„იცით, რომ პრემიერ-მინისტრი სულ ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული ასოცირების ფორმატში და მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. ასევე მეც მქონდა მანამდე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მონაწილეობის საშუალება და სწორედ ამ თემებზე ვმუშაობდით. ძალიან მიხარია, რომ ეს ჩვენი მცდელობები ითარგმნა პრაქტიკულ განზომილებაში და მივიღეთ ასეთი კარგი დეკლარაცია, რომელიც ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ეს დაგვეხმარება იმ ამბიციური მიზნის განხორციელებაში, რომელიც დაკავშირებულია 2024 წელს განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.