დავით ზალკალიანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლის იუბილესთან დაკავშირებულ სტოკჰოლმის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
დავით ზალკალიანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლის იუბილესთან დაკავშირებულ სტოკჰოლმის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შვედეთის სამეფოს ვიზიტით სტუმრობს.  ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლის იუბილესთან დაკავშირებულ სტოკჰოლმის მინისტერიალში, რომელიც შვედეთის მხარის ინიციატივით იმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე, ევროპული კომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი კრისტიან დანიელსონი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარჩინ ფშიდაჩი იღებენ მონაწილეობას.

შვედეთის სამეფოში ვიზიტის დროს დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდესთან; ევროკავშირის საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანთან პაულა კარვალო ოლოვსონთან; იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრ მორგან იოჰანსონთან და თავდაცვის მინისტრ პიტერ ჰალთქვისტთან.

ასევე, დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.

შვედეთის სამეფოში დავით ზალკალიანის ვიზიტი 6 ნოემბერს დასრულდება.