დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს მაღალი პოლიტიკური ნება, განხორციელდეს ანაკლიის პროექტი და ეს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაშიც აისახა
დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს მაღალი პოლიტიკური ნება, განხორციელდეს ანაკლიის პროექტი და ეს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაშიც აისახა

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და განხორციელდება კიდევაც. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი და დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი ნაბიჯები ამის ნათელი დადასტურება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ვაშინგტონში ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მუდმივად ადასტურებდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს ტერიტორიიდან. თავად საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა გვკარნახობს ამას. ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და კონკრეტული შედეგების დემონსტრირებაც ხდება. ის ნავთობსადენები და გაზსადენი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, პორტების ინფრასტრუქტურის განვითარება ადასტურებს ამას. ის, რომ საქართველოს მთავრობა ჩართულია ამ პროცესებში და ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუწყოს კონსორციუმს ანაკლიის პროექტის განვითარებაში, ეს პროექტი მუდმივად მიგვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის ყურამდე, თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლებამ წამოწია ეს და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მთავარ პარტნიორთან რომ ვსაუბრობთ ამაზე, სწორედ სახელმწიფოს უდიდესი ინტერესის დასტურია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.