დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ „ფრონტერასთან“ დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებით არის განპირობებული
დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ „ფრონტერასთან“ დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებით არის განპირობებული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, „ფრონტერასთან“ დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებით არის განპირობებული.

საუბარია საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც „ფრონტერას“ ეძლევა საშუალება, საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე საქმიანობა განაგრძოს.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც არსებული კეძო დავის მიუხედავად, მუდმივად იღებს უმაღლეს შეფასებებს. აბსოლუტურად გამყარებული პოზიცია გვქონდა „ფრონტერასთან“ მიმართებაში. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ერთ-ერთი ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. აქედან გამომდინარე, ოფიციალურ დონეზე „ფრონტერასთან“ დაკაშირებული საკითხი არასდროს ყოფილა განხილვის თემა, მას არ ჰქონია ისეთი დიდი მნიშვენლობა მინიჭებული, როგორც ამის წარმოჩენას „ფრონტერას“ მესვეურები ცდილობენ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ჩვეულებრივი, კომერციული დავა არ გამხდარიყო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობისთვის დამაზიანებელი, რისი მცდელობის ფაქტებიც ჩანდა.

„ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მიმართულებით, მათ შორის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით და იმ შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით, რომელსაც საქართველო სთავაზობს ჩვენს მთავარ პარტნიორს, არის გამართლებული.

დარწმუნებული ვარ, ამას ექნება შეფასება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს ვერ გახდება პრეცედენტული. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რაც არის აუცილებლად აღსრულდებადი, უნდა აღსრულდეს. მათ შორის იგივე კომპანიის თანამშრომლებისთვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდა და ის 99 პროცენტი, რომელიც ძებნა-ძიების მიმართულებით არის. კომპანიამ უკვე გადადგა ნაბიჯი დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ იმ ერთ პროცენტზე, რაც ლიცენზიასთან არის დაკავშირებული, სახელმწიფომ გამოავლინა კეთილი ნება და მიიღო გადაწყვეტილება ამ ნაწილში ხელშეკრულების გაგრძელებასთნ დაკავშირებით. აშკარად ჩანს, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი კეთილი ნება დავის ერთ მიმართულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.