დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს
დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგ სხდომასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. მინისტრი ამბობს, რომ თარიღები შეთანხმდება.

ზალკალიანის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

„როგორც იცით, კომისიის მუშაობა აღდგენილია. ჩატარდა პირველი კომისიის სამუშაო შეხვედრა, ასევე იყვნენ ექსპერტები ჩამოსული, როდესაც აზომვითი საქმიანობა განხორციელდა. ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, შეთანხმდება თარიღები და ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის დროს იყო ამ საკითხზე საუბარი უმაღლეს დონეზე, იცით თქვენ შედეგიც, რომელიც ჩვენ იქიდან წამოვიღეთ და ვფიქრობთ, აუცილებელია, სწორედ სტატუსკვოს დაბრუნებაზე ვისაუბროთ. ბუნებრივია, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან იქნება გაგება, რაზეც ეს საკითხი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რაიმე სახის წინააღმდეგობა შემოიტანოს ორმხრივ ურთიერთობაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.