დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ბოტსვანის საგარეო საქმეთა მინისტრს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება გააცნო
დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ბოტსვანის საგარეო საქმეთა მინისტრს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება გააცნო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ბოტსვანის საგარეო საქმეთა მინისტრ უნითი დოუს შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება გააცნო.

ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ რეფორმებზე, რომლებიც მიმდინარეობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების გამოწვევებზე.

„ეს ბოტსვანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში. უნითი დოუ არის ადამიანთა უფლებადამცველი, მწერალი, პოლიტიკოსი, რომელიც საკმაოდ ცნობილია მსოფლიო საზოგადოებისთვის. ის 2011-2012 წლებში მსოფლიოს ქალთა სამიტმა შეიყვანა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან 150 ქალბატონთა სიაში. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს მას ვმასპინძლობთ. კმაყოფილებით მსურს აღვნიშნო, რომ 2019 წლის მარტში ვუმასპინძლეთ დელეგაციას ბოტსვანიდან. ეს იყო პირველი გაცნობითი შეხვედრა, როდესაც 10-კაციანი დელეგაცია ეწვია საქართველოს.

საქართველოში განხორცილებული რეფორმების უკეთ გაცნობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ სწორედ ამ რეფორმების გაზიარების კუთხით და დღევანდელი ვიზიტიც ვფიქრობ, ამ მიზანს მოემსახურება. მინისტრს ექნება შესაძლებლობა, ეწვიოს იუსტიციის სახლს და საკუთარი თვალით ნახოს ის რეფორმები, რომელიც საჯარო ადმინისტრაციის კუთხით მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაზიარებელი ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპების დაცვა ყველა თემატიკაზე, რომელიც აქტუალურია ბოტსვანის რესპუბლიკისთვის და საქართველოსთვის.

„წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში მრავალმხრივ ფორმატებშიც. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არ არის პრობლემები. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპების დაცვა ყველა თემატიკაზე, რომელიც აქტუალური არის ბოტსვანის რესპუბლიკისთვის და საქართველოსთვის, გვაქვს ურთიერთგაგება და მხარდაჭერა. ბუნებრივია, დღევანდელ შეხვედრაზე ქალბატონ მინისტრს გავაცანი საქართველოში არსებული ვითარება, ის რეფორმები, რომლებიც მიმდინარეობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, გავაცანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, დავსახეთ შემდეგი ორმხრივი თანამშრომლობის აქტივობები და დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი მოემსახურება მიზანს, რომ ორმხრივი ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

უნითი დოუ საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბოტსვანის დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას.

ამასთან, უნითი დოუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. ბოტსვანის დელეგაცია ასევე მოინახულებს წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებასა და სოფელ ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო ხაზს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებასა და ორმხრივი მხარდაჭერის გამოვლენას.