დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას საერთაშორისო ასპარეზზე კოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრეს
დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას საერთაშორისო ასპარეზზე კოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრეს

რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში არის ძალიან დიდი კონკურენცია იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვანმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა სწორედ ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე გაიაროს, ამ კონკურენციაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

​მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთობლივ პროექტებსა და საერთაშორისო ასპარეზზე კოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრეს.

„ჩვენ მართლაც ძალიან შინაარსობრივი საუბარი გვქონდა ამ თემებთან დაკავშირებით. როგორც უკვე გითხარით, ეს პროექტები არა მხოლოდ ეკონომიკური განზომილების პროექტებია, არამედ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკის მიმართულებით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც რეგიონის ენერგოუსაფრთხოების, ასევე მიმზიდველობის გაზრდის თვალსაზრისით. ჩამოთვლილი იყო ბევრი პროექტი, მათ შორის, „ტანაპი“, ბაქო-თბილისი-ყარსი, ბაქო-თბილისი-სუფსა, სამხრეთ კასპიის კორიდორი. ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს გვქონდა ამაზე საუბარი ბატონ მინისტრთან, რომ ჩვენ გავააქტიუროთ ერთობლივი კოორდინაცია, კოორდინირებულად ვიმოქმედოთ საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. იცის საზოგადოებამ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, ღრმა ურთიერთობები გვაქვს ევროკავშირთან, ვართ ასოცირებული წევრი, ევროკავშირის ენერგოდივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ამ პროექტებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია ერთობლივი საქმიანობის გააქტიურება აზიის მიმართულებით, ამიტომ გარკვეულწილად მოხდა შეთანხმება, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ. შესაძლოა, ეს იყოს ერთობლივი პრეზენტაციები, ღონისძიებები, რათა ამ პროექტების ცნობადობა და მიმზიდველობა ამაღლდეს. რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში არის ძალიან დიდი კონკურენცია იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვანმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა სწორედ ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე გაიაროს. ამ კონკურენციაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა. ეს უპირატესობა გამოიხატება მარშრუტში, მოქნილობაში, ტარიფებში, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვეთანხმებით, იგივე ბიზნესის კეთების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ მოწინავეები და ამ უპირატესობის უკეთ წარმოჩენა არის საჭირო საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ამიტომ შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი