დავით ზალკალიანი - 9 აპრილს თავისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა დასრულებული არ არის, საქართველოს აქვს ამოცანა, იყოს ევროატლანტიკური სტრუქტურის სრულფასოვანი წევრი
დავით ზალკალიანი - 9 აპრილს თავისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა დასრულებული არ არის, საქართველოს აქვს ამოცანა, იყოს ევროატლანტიკური სტრუქტურის სრულფასოვანი წევრი

საქართველოს ისტორიაში ყოფილა მომენტები, როდესაც ერი იყო გაერთიანებული, სწორედ ასეთი მომენტი იყო 9 აპრილი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მინისტრის თქმით, მაშინ დაიწყო ზუსტად ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

„მეც მაქვს პირადი ემოციები ამ დღესთან დაკავშირებით, რადგან მაშინ 21 წლის სტუდენტი სწორედ აქ გახლდით ჩემს მეგობრებთან ერთად და განსაკუთრებული ემოცია მაკავშირებს ამ დღესთან. მაშინ დაიწყო ზუსტად ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა თავისუფლებისთვის და ვფიქრობ, ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის კიდევ დასრულებული არ არის, რადგან საქართველოს აქვს კიდევ დაუსრულებელი ამოცანა, იყოს ევროატლანტიკური სტრუქტურის სრულფასოვანი წევრი. სწორედ აქეთ არის მიმართული ჩვენი მცდელობა და ყველა ქმედება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი შეფასებით, ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც 30 წლის წინ თავი გაწირეს.

„ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ვფიქრობ, როგორც არასდროს ისე დღეს, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავების თვალსაზრისით გვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია და სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმ თავისუფლების მოპოვებისთვის, რომელიც ასე უნდოდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც აქ თავი გაწირეს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.