დავით ზალკალიანი - 70 წელზე მეტია, ევროპის საბჭო ემსახურება მშვიდობის, კანონის უზენაესობის დაცვას, არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ კიდევ ბევრია განსახორციელებელი
დავით ზალკალიანი - 70 წელზე მეტია, ევროპის საბჭო ემსახურება მშვიდობის, კანონის უზენაესობის დაცვას, არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ კიდევ ბევრია განსახორციელებელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი, დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს დაფუძნების 71–ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს დამფუძნებელი წესდების ხელმოწერა, რომელიც ისტორიული მოვლენაა, წარმოადგენს პირველ საერთო ევროპულ მცდელობას, მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობის, კონფლიქტების თავიდან აცილების და ევროპის მკვიდრი უკლებლივ ყველა ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

ზალკალიანი მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭო, 47 წევრ ქვეყანასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის საერთო სტანდარტების დამკვიდრებაში შვიდი ათწლეულის მანძილზე.

მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ როლს.

„დღეს, 5 მაისს, აღინიშნება ევროპის საბჭოს ათი წევრი ქვეყნის მიერ, ქ. ლონდონში ევროპის საბჭოს დამფუძნებელი წესდების ხელმოწერის 71–ე წლისთავი. ეს ისტორიული მოვლენა წარმოადგენს პირველ საერთო ევროპულ მცდელობას, მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობის, კონფლიქტების თავიდან აცილების და ევროპის მკვიდრი უკლებლივ ყველა ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ევროპის საბჭო, 47 წევრ ქვეყანასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის საერთო სტანდარტების დამკვიდრებაში შვიდი ათწლეულის მანძილზე. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ როლს, რომელიც 70 წლის წინ, 1950 წელს, ახლად შექმნილი ევროპის საბჭოს მიერ შემუშავდა და რამაც საშუალება მისცა ადამიანის უფლებათა დაცვის უნიკალური სისტემის შექმნას, რაც, თავის მხრივ, ევროპული თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ ახალი ათწლეული მოგვიტანს ადამიანის უფლებების დასაცავად ისეთივე სიმტკიცეს, როგორიც 70 წლის წინ კონვენციის ავტორებს გააჩნდათ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს საერთო ევროპულ სივრცეში 800 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს უფლება მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, – ნათქვამია დავით ზალკალიანის განცხადებაში.

ამასთან, ზალკალიანის თქმით, ეს მნიშვნელოვანი წლისთავი დაემთხვა „კოვიდ-19“-ის პანდემიის მიერ გამოწვეულ უპრეცედენტო გლობალურ კრიზისს.

„გულწრფელ მწუხარებას ვუცხადებთ მათ, ვინც დაკარგა ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები. ამ კრიტიკულ გზაჯვარედინზე, ჩვენ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი იმისთვის, რომ მალე დავძლიოთ ეს კრიზისი. 70 წელზე მეტია ევროპის საბჭო ემსახურება მშვიდობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას, ამ ხნის მანძილზე მან არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის განსახორციელებელი. ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წლებში, გაორმაგდეს ჩვენი ძალისხმევა ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის გასაძლიერებლად“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.