დავით ზალკალიანი - 3+3 ფორმატში მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან ძალიან გაჭირდება, თუმცა დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების დათმობის ხარჯზე, წითელი ხაზი არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა
დავით ზალკალიანი - 3+3 ფორმატში მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან ძალიან გაჭირდება, თუმცა დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების დათმობის ხარჯზე, წითელი ხაზი არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის დავით ზალკალიანის განცხადებით, 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან ძალიან გაჭირდება, თუმცა საქართველო ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით მაინც უნდა იყოს, რომ ქვეყანამ თავისი როლი და ფუნქცია არ დაკარგოს. ამის შესახებ ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვაზე განაცხადა, როგორია საქართველოს პოზიცია 3+3 ფორმატთან დაკავშირებით.

ზალკალიანის თქმით, ეს უნდა მოხდეს არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე.

„რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თუმცა, მინდა, საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია – ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში ჩვენ რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე. რა თქმა უნდა, წითელი ხაზი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აუცილებელია, ჩვენ არ ჩამოვრჩეთ იმ პროცესებს, რაც რეგიონში ვითარდება და აუცილებლად ვიყოთ ყველა ახალ, თუნდაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც შეიძლება, აცდეს საქართველოს და ამით საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს. ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტი პოზიცია გვქონდეს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.