დავით ზალკალიანი - 2019 წლისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ვმუშაობთ, რომელიც კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს საქართველოში ნატო-ს ჩართულობას
დავით ზალკალიანი - 2019 წლისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ვმუშაობთ, რომელიც კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს საქართველოში ნატო-ს ჩართულობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ქვეყანას ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით წარმატებული წელი ჰქონდა.

„ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით წარმატებული წელი გვქონდა, რაც ნატო-ს სამიტზე განსაკუთრებული ფორმატით დაგვირგვინდა საქართველოსა და უკრაინასთან შეხვედრით, სადაც ყურადღება შავ ზღვაზე უსაფრთხოების კონტექსტში იყო გამახვილებული. შინაარსობრივი თვალსაზრისით უპრეცენდენტო დეკლარაცია იყო მიღებული. ასევე, ძალიან წარმატებული ბოლო მინისტერიალი გვქონდა, სადაც ყველა მიღწეული შედეგი შეჯამდა და მომავალი წლის გეგმები დაისახა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ქართული მხარე ელოდება, რომ 2019 წელს ნატო-ს მხრიდან კიდევ უფრო მეტი ჩართულობა იქნება.

„ჩვენ ფართომასშტაბიან წვრთნებს და ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს ველით. ასევე, სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ვმუშაობთ, რომელიც კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს საქართველოში ნატო-ს ჩართულობას. ჩვენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, რაც ნატო-სთან ურთიერთობის გაძლიერებისთვის ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით ძალიან სერიოზულია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.